ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამოკითხვაში მონაწილეობა კლუბების პრეზიდენტებმა, მენეჯერებმა და მწვრთნელებმა მიიღეს.
ქართველმა ნახევარმცველმა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ზედიზედ მეორედ დაიმსახურა.
"ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს ასახავს გუნდის ძლიერ პერფორმანსს, რომელიც ამ სეზონში ვაჩვენეთ. ჩემი გუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის ნდობის გარეშე, ასეთი ინდივიდუალური წარმატება შეუძლებელი იქნებოდა.
ამ ჯილდოს ჩვენი კოლექტიური განვითარების დაფასებადაც მივიჩნევ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ჩვენს მთავარ მიზანს ბოლო 2 ტურში უნდა მივაღწიოთ." - განაცხადა ოთარმა ჯილდოს მიღების შემდეგ.
კიტეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბრაზილიელ რონივალდოს (14 გოლი) ჩამორჩება.
გრაცის შტურმი კი საჩემპიონო ჯგუფს 39 ქულით ლიდერობს და მდევარ ვოლფსერგერს 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.