-
Aa
+
ფონტის ზომა
გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბულობაა მადრიდის რეალის თავდამსხმელსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შორისაც.
„ამ სანაკრებო პაუზის დროს მას შესაძლებლობა ექნება, თავისთვის სასურველ პოზიციაზე, შეტევის წინა ხაზში ითამაშოს“, - განაცხადა ზინედინ ზიდანმა გასულ კვირას, როდესაც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
ამ სიტყვებით ფრანგმა სპეციალისტმა კილიან მბაპესთან დაკავშირებით საკუთარი გეგმების შესახებ პირველი საინტერესო მინიშნება გააკეთა.
მადრიდის რეალის თავდამსხმელმა წინა სანაკრებო პაუზის დროს, რომელიც ზიდანისთვის სადებიუტო იყო, მუხლის ტრავმის გამო მატჩების უმეტესობა გამოტოვა. ამჯერად კი ის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება.
პირველ რიგში იმიტომ, რომ მბაპე საფრანგეთის ნაკრების შეტევის ლიდერი, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და კაპიტანია, რასაც არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს.
თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, ბოლო თვეებში საფრანგეთის ნაკრების შიგნით გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვა.
ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L'Équipe-მა ნაკრებში არსებული ზოგჯერ დაძაბული ატმოსფეროს შესახებ გარკვეული დეტალები გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე თავს გარკვეულწილად იზოლირებულად გრძნობს, ხოლო მისი ურთიერთობა უსმან დემბელესთან გაუარესდა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც ირკვევა, მადრიდის რეალის თავდამსხმელს არც საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან აქვს იდეალური ურთიერთობა.
გამოცემის ინფორმაციით, ზიდანსა და მბაპეს შორის ურთიერთობა გაცილებით ნაკლებად ჰარმონიულია, ვიდრე ფეხბურთელს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან ჰქონდა.
ამის მთავარი მიზეზი ზიდანის მიერ თურქეთის ნაკრებთან მატჩში მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.
წინა სანაკრებო შეკრების დროს მბაპესთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ უწევდა თავად მარცხენა ფლანგზე თამაში, მაშინ როდესაც უსმან დემბელე შეტევის ცენტრში იყო განთავსებული.
ზიდანმა ფეხბურთელის უკმაყოფილება შეამჩნია. სწორედ ამით აიხსნება მისი ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც მბაპე იტალიისა და თურქეთის წინააღმდეგ მომავალ შეხვედრებში მისთვის სასურველ პოზიციაზე ითამაშებს.
თუმცა დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა.
ფრანგული გამოცემის ცნობით, ბოლო სანაკრებო შეკრებაზე მბაპესა და ზიდანს ერთმანეთთან თითქმის არ უსაუბრიათ, სანამ ფეხბურთელი ტრავმის გამო მადრიდში დაბრუნდებოდა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ავადმყოფობის გამო ის კლერფონტენის საწვრთნელ ბაზაზე დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ოთახში ატარებდა.
საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მადრიდში ცხოვრობს და ზიდანმა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ურთიერთობა მოაგვარა, მათ გეოგრაფიული სიახლოვე პირადი ურთიერთობის გასამყარებლად არ გამოუყენებიათ.
საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს აშკარად სურს მბაპესთან ურთიერთობის გაუმჯობესება და არსებული უთანხმოების აღმოფხვრა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი თანამშრომლობა ეროვნულ გუნდში არცთუ წარმატებით დაიწყო.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები