-
Aa
+
ფონტის ზომა
სპორტული მარკეტინგის ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევაა, როდესაც კონკრეტული პროდუქტი და სპორტსმენი ერთმანეთის სინონიმებად იქცევიან. adidas-მა კი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდასთან, ზინედინ ზიდანთან ხანგრძლივი თანამშრომლობით სწორედ ამას მიაღწია.
გერმანული სპორტული ეკიპირების გიგანტი მადრიდის რეალის ყოფილ სუპერვარსკვლავთან პარტნიორობის 30 წელს აღნიშნავს. ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ ზაფხულს ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც დიდიე დეშამმა თანამდებობა დატოვა.
ზიდანი adidas Predator-ის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამორჩეული სახე იყო და ბრენდმა მის პატივსაცემად სპეციალური გამოშვების ახალი ბუცები შექმნა. ლეგენდარული კარიერის განმავლობაში, იუვენტუსში, მადრიდის რეალსა და საფრანგეთის ნაკრებში თამაშისას, ის მუდმივად ცნობილ Predator-ებს ატარებდა და ამ ბუცებით უამრავი დაუვიწყარი მომენტი შექმნა, ცნობილი გადაკეცილი ენითა და სამი ზოლით.
სამი ათწლეულის განმავლობაში ეს თანამშრომლობა ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომერციულ პარტნიორობად იქცა. ზიდანი adidas-ის ერთ-ერთ სახედ დღემდე რჩება.
ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მოთამაშედ მიიჩნევა და ძალიან ცოტა ფეხბურთელს აქვს ისეთი შთამბეჭდავი მომენტებით სავსე კარიერა, როგორიც ფრანგ ლეგენდას. მისი ტიტულებით დატვირთული საფეხბურთო გზა უმაღლესი კლასის ეპიზოდებით იყო გამორჩეული, რომლებიც გულშემატკივრების მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება.
adidas კი მთელი ამ გზის განმავლობაში შეუმჩნევლად, მაგრამ მუდმივად მის გვერდით იყო და სწორედ ეს გახდა მათი პარტნიორობის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. იმ პერიოდში, როდესაც ზიდანის რეპუტაცია ელვის სისწრაფით იზრდებოდა და საბოლოოდ მან ოქროს ბურთიც მოიგო, Predator-იც ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო ბუცად ჩამოყალიბდა.
ზიზუს Predator-ები ეცვა, როდესაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საკუთარ ქვეყანაში, ბრაზილიის წინააღმდეგ ორი თავური გოლი გაიტანა და საფრანგეთს გამარჯვებაში დაეხმარა.
Predator-ებით ითამაშა მან 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, როდესაც გლაზგოში, ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ, მარცხენა ფეხით ბრწყინვალე და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი გაიტანა.
იგივე ბუცები ეცვა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც, როდესაც გერმანიაში იტალიის წინააღმდეგ თამამი „პანენკა“ შეასრულა. ეს შეხვედრა მისი დიდებული კარიერის უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა.
სწორედ ასეთმა მომენტებმა განამტკიცა ზიდანის კავშირი adidas-ის ცნობილ სამ ზოლთან, ის გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, ფეხზე კი Predator-ები ეცვა.
ფეხბურთში ბუცების მწარმოებელ ბრენდებთან კონტრაქტები ხშირად იდება და სრულდება, მაგრამ ზიდანისა და adidas-ის პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდა, არამედ დროთა განმავლობაში განვითარდა კიდეც. მათი ურთიერთობა გაცილებით შორს გასცდა ზიდანის ლეგენდარულ საფეხბურთო კარიერას, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ დასრულდა.
მადრიდის რეალის კიდევ ერთ ყოფილ ვარსკვლავთან, დევიდ ბექჰემთან ერთად, 54 წლის ზიდანი კვლავ adidas-ის ელჩია და საფეხბურთო კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახედ რჩება. ის დღემდე მონაწილეობს adidas-ის ცნობილ სარეკლამო კამპანიებში და ბრენდის უახლეს კოლექციებს თანამედროვე ვარსკვლავებთან, მათ შორის ლამინ იამალთან და ჯუდ ბელინგემთან ერთად წარმოადგენს.
მოედნის მიღმა ზიდანმა ეს სტატუსი Y-3-ის ერთ-ერთ სახედ ქცევით კიდევ უფრო გაიმყარა. Y-3 ინოვაციური პრემიუმ სპორტული ტანსაცმლის ხაზია, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს adidas-ისა და ცნობილი იაპონელი მოდის დიზაინერის, იოჯი იამამოტოს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
2017 წელს SoccerBible-თან საუბრისას ზიდანმა adidas-თან ურთიერთობის სიმტკიცე ასე ახსნა:
ყველაზე მეტად ერთგულებას ვაფასებ. adidas ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. რა თქმა უნდა, კარგ პერიოდებში, მაგრამ მაშინაც, როდესაც ყველაფერი შედარებით რთულად იყო. ჩვენი ისტორია 1996 წელს დაიწყო და adidas დღესაც ჩემ გვერდითაა.
ჩვენ ძალიან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. ფანტასტიკური ურთიერთობაა. ეს მხოლოდ კონტრაქტი არ არის, გაცილებით მეტია. ჩემსა და adidas-ს შორის უკვე 30-წლიანი ისტორიაა. ეს შესანიშნავია.
30-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სრულიად ბუნებრივია, რომ adidas-მა ლეგენდარულ ზიზუსთან ხანგრძლივი კავშირი განსაკუთრებულად აღნიშნა. ამ თარიღის აღსანიშნავად სპორტული ეკიპირების გიგანტმა Predator-ის სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელიც ფრანგის უნიკალურ საფეხბურთო ტალანტს ეძღვნება.
ზიდანის ელეგანტურობისა და სტილის შესაბამისად, ბუცები დახვეწილი, სუფთა თეთრი ფერისაა და მეტალის ოქროსფერი დეტალებით არის გაფორმებული.
გვერდებზე დატანილი ლურჯი, თეთრი და წითელი აქცენტები საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მის მიღწევებს ეძღვნება. ბუცებზე ასევე დატანილია სპეციალურად შექმნილი „ZZ30“ ნიშანი.
დიზაინში adidas-ის მიერ „ღრმად პირადულად“ შეფასებული დეტალებიც არის გამოყენებული, რომლებიც ზიდანის ლეგენდარულ საფეხბურთო კარიერას ასახავს. ცნობილ გადაკეცილ ენაზე ზიდანის ოქროსფერი ლოგოა გამოსახული, რომლის შთაგონების წყაროც 2002 წელს მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გოლი გახდა.
ბუცების სამაგრებიც კი ზიდანის ისტორიას მოგვითხრობს, თითოეული მათგანი 54 წლის ფრანგის ცხოვრების სხვადასხვა თავს ასახავს.
მარჯვენა ბუცზე დატანილია ქალაქები, რომლებმაც მისი კარიერა განსაზღვრეს: კანი, ბორდო, ტურინი და მადრიდი.
მარცხენა ბუცი კი მის ფესვებს ეძღვნება და მარსელში, მის მშობლიურ ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ თემებსა და სამოყვარულო კლუბებს მოიხსენიებს.
ახალი ბუცების წარდგენისას ზიდანმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის adidas-თან ურთიერთობა და Predator, რომელთანაც მისი სახელიც პრაქტიკულად სინონიმად იქცა.
„ფეხბურთმა უამრავი დაუვიწყარი მოგონება მაჩუქა და adidas ამ მოგზაურობის ნაწილი თავიდანვე იყო“, - განაცხადა ზიდანმა.
Predator-ს ამ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ის ბუცი იყო, რომელიც ჩემი კარიერის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მეცვა და საბოლოოდ ის იმ თამაშის სტილის სინონიმად იქცა, როგორიც მე მსურდა.
როდესაც ამ ბუცს ვუყურებ, ვხედავ მომენტებს, ადგილებსა და ადამიანებს, რომლებმაც ჩემი გზა განსაზღვრეს. ეს განსაკუთრებული საშუალებაა, რომ ჩვენი 30-წლიანი ურთიერთობა აღვნიშნოთ და ეს ისტორია ფეხბურთელების ახალ თაობასაც გავუზიაროთ.
ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორობაა სპორტსმენსა და ბრენდს შორის და გასაკვირი არ იქნება, თუ ზიდანისა და adidas-ის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

თაზო ჩარკვიანი
28 ივლ, 2026
30 ივლ, 2026
13 აგვ, 2026
კომენტარები