გორის სპორტის სასახლემ ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
წელს ორგანიზატორებმა ტურნირში სიახლე შეიტანეს და აბსოლუტურის გარდა, შეჯიბრება 80 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც ჩაატარეს. სწორედ ამ ახალ წონაში იზეიმა ჩემპიონობა ზურაბ ჭილაძემ, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში უზბეკი სადოლბეკ აბდურახმანოვი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბაგრატ ნინიაშვილი დაეუფლა.
აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც ქართულ-უზბეკური ფინალი ვიხილეთ, თუმცა ამჯერად ოქროს მედალი შორდონ ბახტიაროვმა მოიპოვა, რომელმაც თამაზ ბიგანაშვილს აჯობა. აღსანიშნავია ტურნირის ფორმატიც, ქართველი და უცხოელი ფალავნები სხვადასხვა ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი, რითაც უცხოელებს ფინალში გასვლა გარანტირებული ჰქონდათ.
გამარჯვებულებმა სოლიდური ფულადი ჯილდოები მიიღეს: 80 კილოგრამში ჩემპიონს 7 ათასი, ხოლო აბსოლუტურ წონაში საუკეთესოს 13 ათასი დოლარი ერგო.