დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალური ეტაპი იწყება.
საფრანგეთი - მაროკო [09.07, 23:59]
წინა მუნდიალის ნახევარფინალის გამეორებაში ერთმანეთს საფრანგეთისა და აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
როგორც იცით, მაროკომ წლის დასაწყისში დრამები გადაიტანა, როცა აფრიკის თასის ფინალში მომხდარი სკანდალის გამო, გუნდი 3 თვის შემდეგ წაგებული მატჩის გამარჯვებულად გამოცხადდა და ოფიციალურად მოიაზრება აფრიკის მოქმედ ჩემპიონადაც, „ოლ სთარი" კი დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი მეტსახელია და მიანიშნებს ამ გუნდის იდეალურობაზე - რა პოზიციაზეც არ უნდა გაიხედო, ყველგან ვარსკვლავი თამაშობს.
ორივე გუნდმა თავისი გზა წარმატებით განვლო - საფრანგეთს ამ დრომდე ყველა მატჩი აქვს მოგებული, ჯგუფში 3-დან 3 გამარჯვება, შემდეგ გასეირნება შვედეთთან და უმძიმეს, ბინძურ ფეხბურთში მოგებული გამარჯვება პარაგვაისთან. სამხრეთამერიკელები ყველაფერს კადრულობდნენ ვარსკვლავების შესაჩერებლად, თუმცა ერთი პენალტი მაინც გაეპარათ, რაც დეშამის გუნდისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად და 1/4 ფინალში დამაჯერებლად გასასვლელად.
მაროკომ ამ მუნდიალზე პირველი მატჩი ბრაზილიასთან ფრე ითამაშა, თუმცა შემდეგ ჯგუფში ორივე მატჩი მოიგო და მეორე ადგილი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო დაიკავა, რის გამოც 1/16 ფინალში პირდაპირ ნიდერლანდებს შეხვდა. საინტერესო და დაძაბულ დაპირისპირებაში მატჩის ბედის გადაწყვეტა პენალტების სერიაში გახდა საჭირო, სადაც აფრიკელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და ნარინჯისფერი გრანდი სახლში ნაადრევად გაუშვეს.
1/8 ფინალში კი მაროკომ ერთ-ერთი თანამასპინძელი კანადა 3:0 გაანადგურა და დამაჯერებლად შეძლო 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა. პირველი ტაიმის უგოლო ფრედ და მასპინძელთა უპირატესობით ჩავლის შემდეგ, მუჰამედ უაჰბის გუნდმა მეორე ნახევარში სადავეები ხელთ იგდო და აღარც გაუშვია.
ამ ნაკრებების გზები ისტორიაში 5-ჯერ გადაკვეთილა - პირველად 1998-ში და უკანასკნელად 2022-ში. მაროკოს ნაკრებისთვის ციფრები ნაკლებად დამაიმედებელია, აქამდე გამართულ დაპირისპირებებში 3 საფრანგეთმა მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა. ბოლო დაპირისპირება წინა მუნდიალით თარიღდება, როცა საფრანგეთმა ნახევარფინალური მატჩი დამაჯერებლად 2:0 მოიგო და არგენტინასთან ის ლეგენდარული ფინალი გაინაღდა.
თუ ფრანგები მესამე მსოფლიო ჩემპიონობას უმიზნებენ, მაროკო დღეს გამარჯვების შემთხვევაში მუნდიალების ისტორიაში თავის საუკეთესო შედეგს გაინაღდებს, რომელიც იმავე წინა მუნდიალზე ჰქონდა დაფიქსირებული (მე-4 ადგილი).
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი: მენიო, დინი, სალიბა, უპამეკანო, კუნდე, რაბიო, კონე, დუე, ოლისე, დემბელე, მბაპე
მაროკო: ბონო, ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი, ბუადი, ელ აინუი, დიასი, უნაჰი, ელ ხანუსი, რაჰიმი.