არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
1987 წლის 8 დეკემბერი პერუს საფეხბურთო ისტორიის შავი ფურცელია. ამ დღეს ავიაკატასტროფაში დაღუპული გუნდი ალიანსა ლიმა წყნარი ოკეანის სიღრმეებში ჩასვლამდე ქვეყნის ჩემპიონატის ცხრილს ედგა სათავეში.
„ბლანკიასულესის“ (თეთრ-ლურჯები) მეტსახელით ცნობილი ალიანსა ლიმა ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და წარმატებული კლუბია. 1970-იანი წლების პერუს საფეხბურთო ოქროს ხანაში, დედაქალაქური გუნდის რიგებში ხოსე ველასკესი, სესარ კუეტო და ყველა დროის საუკეთესო პერუელ ფეხბურთელად მიჩნეული ტეოფილო კუბილიასი ბრწყინავდნენ. სწორედ ამ ტრიუმვირატის დახმარებით მოიგო პერუს ნაკრებმა 1975 წლის კოპა ამერიკა, ხოლო თავად ალიანსამ - ტრაგედიამდე უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული 1978 წელს.
მატჩი, რომლითაც 1987 წელს ალიანსა პერუს ჩემპიონატში (Torneo Descentralizado) გალიდერდა, ამაზონის შესართავის მდინარისპირა ქალაქ პუკალპაში ადგილობრივი დეპორტივოს წინააღმდეგ გაიმართა და ალიანსას სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. სიხარულისგან აღტაცებულ „თეთრ-ლურჯებს“ ქვეყნის პირველობაზე მხოლოდ რამდენიმე თამაში რჩებოდათ და მოუთმენლად ელოდნენ ლიმაში დაბრუნებას. იმ საღამოს გუნდმა დედაქალაქში გაფრენა Fokker F-27 თვითმფრინავით ამჯობინა, რომელიც სამხედრო ფლოტიდან ჰქონდა დაქირავებული.
ლიმაში ფრენამდე თვითმფრინავის კაპიტანმა, ლეიტენანტმა ედილბერტო ვილიარმა, როგორც ცნობილია, უარი თქვა თვითმფრინავის მართვაზე მისი ცუდი მდგომარეობის გამო, თუმცა გუნდის მხრიდან დარწმუნების შემდეგ, მან და ბორტზე მყოფმა 40-ზე მეტმა ადამიანმა პუკალპა საღამოს, 18:30 საათზე დატოვეს.
წყალში ავარიული დაშვება აეროპორტამდე 12 კილომეტრში მოხდა. კატასტროფას ეკიპაჟის 5 წევრი, 16 ფეხბურთელი, მწვრთნელი მარკოს კალდერონი და 8 ქომაგი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი გადაურჩა - პილოტი ედილბერტო ვილიარი და ფეხბურთელი ალფრედო ტომასინი, თუმცა 23 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი, მოგვიანებით ტალღებმა შთანთქა...
დედაქალაქი ლიმა და მთელი ქვეყანა დიდმა ტრაგედიამ მოიცვა. უამრავი გულშემატკივარი დაღუპულთა პარაკლისს ესწრებოდა, ზოგი ქომაგი პატივსაცემად სტადიონ „მატუტეზე“ შეიკრიბა, ზოგი კი ფეხბურთელების მშობლიურ ქალაქებში წავიდა და სტადიონამდე მასშტაბური მსვლელობა მოაწყო, რათა ეჩვენებინათ, თუ რას ნიშნავდა ალიანსა ლიმა მათთვის.
დაღუპულთა ოჯახები საზღვაო ბაზაზე გაემართნენ, რათა მომხდარისა და მათი საყვარელი ადამიანების ცხედრების შესახებ პასუხები მოეთხოვათ. სამხედრო ძალებმა უარი თქვეს რაიმე სახის ინფორმაციის გაცემაზე და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა თუ ახლობლებს წასვლა ურჩიეს. ვითარება დაიძაბა და დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც სიტუაციის დასაშოშმინებლად სამხედროების მხრიდან ჰაერში სროლა მოყვა...
„ბლანკიასულესის“ 1987 წლის გუნდი, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, თითქმის ათწლიანი მოლოდინის შემდეგ ხდებოდა ჩემპიონი. ჭაბუკობისთვის დამახასიათებელი უშრეტი ენერგიის ქონის გამო ალიანსას ფეხბურთელებს „კვიცები“ (Los Potrillos) შეარქვეს.
ამ ახალგაზრდა გუნდის ყოჩი 18 წლის ლუის ესკობარი იყო, რომლის პროფესიონალური დებიუტი ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში შედგა. უდიდესი საფეხბურთო ტალანტის ქონისა და ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო, ლუის ესკობარს, რომელშიც ყველა პერუელი ქომაგი ტეოფილო კუბილიასის მემკვიდრეს ხედავდა, სიკვდილის შემდეგ „პერუელი დანკან ედვარდსი“ უწოდეს.
ტრაგედიაში დაღუპული მარკოს კალდერონი, რომელსაც ქვეყანაში უკვე ლეგენდარული მწვრთნელის სახელი ჰქონდა, სიკვდილამდე პერუს ჩემპიონი ათჯერ იყო გამხდარი სპორტ ბოისის, უნივერსიტარიოსა და სპორტინგ კრისტალის თავკაცობით, პერუს ნაკრების დამრიგებელი კი 1975-79 წლებში იყო, რა დროსაც კოპა ამერიკა მოიგო და ეროვნულ ნაკრები არგენტინის 1978 წლის მუნდიალზე ათამაშა.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კალდერონი ალიანსაში უდიდეს რწმენას უნერგავდა თავის ახალგაზრდა ფეხბურთელებს. დამრიგებელმა ზუსტად იცოდა, რომ „კვიცებს“ არა მათრახი, არამედ სილაღე სჭირდებოდათ და მისი ტაქტიკაც თავისუფალი და შემტევი იყო...
1987 წლის ტორნეო დესენტრალისადოს დამთავრებამდე თითზე ჩამოსათვლელი თამაშები იყო დარჩენილი. ალიანსა ლიმამ ჩემპიონატის დასასრულებლად მოთამაშეები იუნიორთა გუნდიდან აიყვანა. ალიანსაში დაბრუნდა კარიერადასრულებული არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის - ვეტერანი ვარსკვლავი ტეოფილო კუბილიასი. „თეთრ-ლურჯებს“ დახმარების ხელი გაუწოდა ჩილეურმა კოლო-კოლომ, რომელმაც ალიანსას იჯარით მისცა ფეხბურთელები.
თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. პერუს 1987 წლის ჩემპიონი ალიანსას ერთ-ერთი პრინციპული მეტოქე, თანაქალაქელი უნივერსიტარიო გახდა, „ბლანკიასულესმა“ კი ჩემპიონის ტიტული 11 წლის შემდეგ დაიბრუნა.
ალიანსა ლიმა დღეისთვის ქვეყნის 25-გზის ჩემპიონი და სხვა მრავალი საშინაო ტიტულის მქონე კლუბია, მაგრამ ვერანაირი მიღწევა ვერ აანაზღაურებს 1987 წლის დეკემბრის იმ ცივ ღამეს დაკარგულს. ვინ იცის, რა დონის წარმატებული შეიძლებოდა გამხდარიყო დედაქალაქური გუნდი იმ „ბასბის ჩვილებივით“ უიღბლო გუნდით, რომელიც ბევრის აზრით, ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ნამდვილ რევოლუციას მოახდენდა.
ტრაგედიიდან დეკადების შემდეგ კი ალიანსა ლიმასთვის დღევანდელზე უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ისევ ცოცხალია, ცოცხალია იმედი იმაზე ფიქრში, რომ კვლავ დაიბადებიან ლუის ესკობარის, ალფრედო ტომასინის, ხოსე გონსალეს განოსას, ხოსე კასანოვას თუ საშინელ ტრაგედიას შეწირული სხვა ფეხბურთელების მსგავსი ტალანტები, რომელთა სახელებიც ფეხბურთის მატიანეში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები