ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთში მიმდინარე ალმათის ATP-ის ტურნირის ფინალში გავიდა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ბასილაშვილმა მსოფლიოს 39-ე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:7(5), 6:3 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ქართველმა პირველი სეტი 39 წუთში მოიგო, მეორე სეტში ტაიბრეიკზე დამარცხდა, თუმცა გადამწყვეტ პარტიაში უპირატესობა კვლავ მოიპოვა და გამარჯვება გაიფორმა.
ბასილაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და გზად ტარო დანიელს, ადამ უოლტონს, მარინ ჩილიჩს, ფაკუნდო დიას აკოსტასა და ადრიან მანარინოს სძლია.
ყველა ეს შეხვედრა ქართველმა ორ სეტში მოიგო, ტურნირზე პირველი სეტი კი სწორედ ციციპასთან დათმო.
ATP-ის რეიტინგში 128-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში ტიტულისთვის იბრძოლებს, სადაც დანილ მედვედევსა და ალექსანდერ ბუბლიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
2022 წლის შემდეგ პირველად ქართველი ჩოგბურთელი ATP ტურნირის ფინალში ითამაშებს, ამ შედეგით კი მან რეიტინგის ასეულში დაბრუნება გაინაღდა.