ყაზახეთში მიმდინარე ალმათის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (128-ე ჩოგანი) წარმატებულ სვლას განაგრძობს და ნახევარფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალურ სტადიაზე ფრანგ ადრიან მანარინოს (79-ე ჩოგანი) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში, დამაჯერებელი ანგარიშით - 6:3, 6:1 დაამარცხა. 34 წლის ბასილაშვილმა შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და პირველი სეტის მოსაგებად 40 წუთი დასჭირდა. მეორე პარტიაში ნიკოლოზის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, ფრანგს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და მატჩი, რომელიც ჯამში 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, 30 წუთში, ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამ შეხვედრამდე ქართველმა ტურნირს ისეთი გამოცდილი მოთამაშეები გამოთიშა, როგორებიც მარინ ჩილიჩი (84-ე ჩოგანი) და არგენტინელი ფაკუნდო დიას აკოსტა (71-ე) არიან.
ფინალის საგზურისთვის ბასილაშვილს ურთულესი ბარიერის გადალახვა მოუწევს. მისი მომდევნო მეტოქე მსოფლიოს 39-ე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასია, რომელმაც მეოთხედფინალში ჯეიმს დაკვორთს (73-ე) აჯობა (6:3, 6:4).
ნიკოლოზისა და სტეფანოსის ნახევარფინალური დაპირისპირება ხვალ, 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით 14:00 საათზე აიღებს სტარტს.