სლოვაკეთის ჩემპიონატში საინტერესო ქართული დაპირისპირება შედგა, სადაც ჟილინამ საკუთარ მოედანზე მიხალოვცე 4:1 გაანადგურა.
ამ გამარჯვების შედეგად, მასპინძლები სატურნირო ცხრილში 25 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ და ლიდერ დუნაისკა სტრედას 7 ქულით ჩამორჩებიან.
შეხვედრის ანგარიში მე-8 წუთზე სანდრო ნარიმანიძის ზუსტი გადაცემით ჰრანიცამ გახსნა. 21 წლის ქართველმა მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სრულად ითამაშა სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემაც, რომელმაც 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მიმდინარე სეზონი ნარიმანიძისთვის უაღრესად პროდუქტიულია. სლოვაკურ კლუბში 2025 წლის დასაწყისში გადასვლის შემდეგ, თუ პირველი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მას გოლი არ ჰქონდა გატანილი, წელს ჩატარებულ 11 მატჩში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. გარდა ამისა, მან სლოვაკეთის თასზეც შეაგდო ბრწყინვალე გოლი. საგულისხმოა ისიც, რომ 11-დან 10 შეხვედრაში ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.