ნიუკასლმა მონაკოსთან 20 წლის ფრანგი ნახევარმცველის, ალადჟი ბამბას ტრანსფერზე სრული შეთანხმება დადო.
ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 41 მილიონ ევროს (35 მილიონ ფუნტს) გადაიხდის. ფეხბურთელი უახლოეს საათებში ინგლისში გაფრინდება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმოს.
ედი ჰაუს გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურია და შემადგენლობის გაახალგაზრდავებას განაგრძობს. ნიუკასლს უკვე დახარჯული აქვს 95 მილიონი ევრო ისეთი მოთამაშეების მოსაყვანად, როგორებიც არიან ბაზუმანა ტურე, შონ სტეური და ევენ ჟაუენი.
ბამბას დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც სანდრო ტონალიმ გუნდი დატოვა და ტოტენჰემში გადავიდა. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბრუნო გიმარაეშისა და ჟოელინტონის მომავალიც. მონაკოს აკადემიის აღზრდილმა გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და თავისი უნივერსალურობით ყურადღება სწრაფად მიიპყრო.
მონაკოსთვის ეს მორიგი წარმატებული გარიგებაა. ფრანგულმა კლუბმა ხელშეკრულებაში სამომავლო გაყიდვიდან პროცენტიც ჩადო, რაც ბამბას შემდგომი ტრანსფერიდან დამატებით მოგებას უზრუნველყოფს.