ლონდონის არსენალმა მანჩესტერ სიტისთან მტკივნეული მარცხი (1:2) განიცადა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მეთოფეები პეპ გვარდიოლას გუნდს მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ, თუმცა მანჩესტერელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.
იმისათვის, რომ ლონდონელებმა 22-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ტიტული მოიპოვონ, სეზონის ბოლომდე იდეალური შედეგი სჭირდებათ. მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ გუნდს ბევრი რამ დარჩება სანანებლად, რამდენჯერმე ძელს მორტყმული ბურთი და კაი ჰავერტცსის ორი განიავებული ეპიზოდი.
თუმცა, მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რამდენიმე ფეხბურთელის ჩავარდნა იყო, მათ შორის კი ყველაზე მეტად ნონი მადუეკე გამოირჩეოდა. ინგლისის ნაკრების წევრმა იმდენად არაეფექტური თამაში აჩვენა, რომ მიკელ არტეტამ ის შესვენებისას მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად უფრო აგრესიული გაბრიელ მარტინელი ჩართო.
მადუეკეს სტატისტიკა ეთიჰადზე მართლაც იმედგაცრუებას იწვევს:
15-დან მხოლოდ 10 ზუსტი გადაცემა (67%);
7-დან 4 წაგებული დუელი;
ორჯერ მოატყუეს დრიბლინგით;
3-დან არცერთი ზუსტი ჩაწოდება;
ბურთი 11-ჯერ დაკარგა.
ლონდონელთა გარემარბს ჩვევად ექცა დრიბლინგით ჩიხში შესვლა და ეს ტენდენცია მანჩესტერშიც გაგრძელდა. ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ მისი თამაში ძალიან სუსტად შეაფასა და დაბალი ნიშანი - 5.5 დაუწერა.
სპორტული დირექტორისთვის, მადუეკეს ტრანსფერზე დაყენება ზაფხულის პრიორიტეტი უნდა გახდეს. ფეხბურთელმა ვერ გაამართლა ის მოლოდინი და ხარისხი, რასაც მის სანაცვლოდ გადახდილი 52 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვდა. იმ ფონზე, როცა ბუკაიო საკას მთელი სეზონი უჭირს, მადუეკეს იდეალური შანსი ჰქონდა ძირითადში დასამკვიდრებლად, თუმცა მან ეს ვერ გამოიყენა.
პრემიერ ლიგის 22 მატჩში გატანილი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ლონდონის არსენალმა ზაფხულში მასთან დამშვიდობებაზე უნდა იფიქროს და მის ნაცვლად უფრო პროდუქტიული ფორვარდი მოიყვანოს, რომელიც გუნდის თამაშის ხარისხს აამაღლებს.