-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი დემეტრაძე
ლა ლიგაში ქართველების კარი 2000 წელს გიორგი დემეტრაძემ შეაღო - რეალ სოსიედადმა დინამო კიევს 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 5,4 მილიონი ევრო გადაუხადა. ბასკეთში ქართველის კარიერა არ აეწყო - დემეტრაძემ სან სებასტიანში ერთი წელი გაატარა, ერთი წლის თავზე კი ჯერ მოსკოვის ლოკომოტივს მიაშურა იჯარით, შემდეგ ვლადიკავკაზის სპარტაკს, ბოლოს კი დონეცკის მეტალურგში გაიყიდა.
სოსიედადში ყოფნის პერიოდში გიორგიმ თეთრ-ცისფერი მაისურით ლა ლიგაში მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
შოთა არველაძე
ლეგენდარული ქართველი ფორვარდის ბოლო გაჩერება სწორედ ლა ლიგა იყო - 2007 წლის ზაფხულში არველაძე ლევანტეს ალკმაარიდან შეუერთდა. ნიდერლანდებში ბოლო სეზონში 52 მატჩის ჩატარების შემდეგ 35 წლის ფორვარდი კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა, თუმცა ვალენსიური კლუბის პრეზიდენტის მონდომებამ და სარფიანმა კონტრაქტმა არველაძე ესპანეთში გადაბარგებაზე დაიყოლია.
ჩემი სამედიცინო შემოწმების გატარების შანსი 0 იყო
შოთა არველაძე ლევანტეში ტრანსფერზე.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად ლევანტემ შოთის ტრანსფერი დახურა და ქართველი კიუტატ დე ვალენსიაზე წარადგინა - ტრავმების გამო არველაძეს თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და მონაწილეობა მხოლოდ ლა ლიგის ბოლო ოთხ ტურში მიიღო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კარიერა სანტიაგო ბერნაბეუზე დაასრულა.
გიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილი ერთადერთი ქართველია, რომელსაც ლა ლიგაში ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით უთამაშია. ქოჩორა 2019 წლიდან ლევანტეს ბ გუნდში ირიცხებოდა, 2020 წლიდან კი სათამაშო წუთებს ძირითად გუნდშიც იღებდა - ქართველი ნახევარმცველის დებიუტი ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს, ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ შედგა. შემდეგ სეზონში ქოჩორაშვილმა კიდევ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი იჯარით კასტელონს მიაშურა. პორტუგალიაში გადაბარგებამდე ვალენსიაში დაბრუნებული ქოჩორა ლევანტეს ლა ლიგა 2-ში ეხმარებოდა, 2026 წელს კი ქართველი ესპანეთში ამჯერად სევილიას გასაძლიერებლად დაბრუნდა - ანდალუსიურმა კლუბმა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ სპორტინგს 4.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
გიორგი მამარდაშვილი
ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილი ქართველი გიორგი მამარდაშვილია - 2020 წელს ევროპა ლიგის საკავალიფიკაციო ეტაპზე გიორგის ბრწყინვალე თამაში ვალენსიელების უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ - 2021 წელს დინამოს საკუთრებაში მყოფი 20 წლის მეკარე იჯარით ვალენსიაში გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილის მესტალიური ცხოვრება საოცრად დაიწყო, პირველი სეზონი საკმაოდ მძიმე გამოვიდა - თუმცა სეზონის დასკვნით ეტაპზე ქართველი ძირითადს დაუბრუნდა და ესპანეთის თასის ფინალშიც ითამაშა.
მამარდაშვილმა ლა ლიგაში 4 სეზონი, ჯამში 127 მატჩი ჩაატარა და მესტალიის აუდიტორიის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. 2024 წელს მამარდაშვილის სანაცვლოდ ლივერპულმა ვალენსიას 30 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ქართველი ესპანეთში იჯარით კიდევ ერთი სეზონი დარჩა და მერსისაიდში 2025 წელს გადაბარგდა.
გიორგი მიქაუტაძე
მამარდაშვილის შემდეგ ლა ლიგაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ქართველი გიორგი მიქაუტაძეა. წინა ზაფხულს ვილიარეალმა ლიონს 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაუხადა - ქართველმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლსა და 6 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, მათ შორის გაუტანა მადრიდის რეალს, სევილიასა და ატლეტიკოს. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე სამ ტურში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
საბა საზონოვი
ქართველი ცენტრალური მცველი არც ისე წარმატებული ბოლო სეზონების შემდეგ ხეტაფეში გადაბარგდა - საზონოვი მადრიდულ კლუბს ტორინოდან უფასოდ შეუერთდა და სეზონის სასტარტო ხუთი მატჩიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. 24 წლის ფეხბურთელი ხოსე ბორდალასის გუნდში ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვის და იმედი ვიქონიოთ წარმატებულ სეზონს ჩაატარებს.
გიორგი გულიაშვილი
ქართველი გარემარბი ესპანურ კლუბს სარაევოდან 2026 წლის იანვარში შეუერთდა და მალევე უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა. გიორგიმ ლა ლიგა 2-ის ნახევარ სეზონში, 17 მატჩში რასინგს 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაეხმარა და ხოსე ალბერტო ლოპესის გუნდის ლა ლიგაში აღზევებაში თავისი წვლილი შეიტანა. გულიაშვილს ტრავმის გამო საწყისი ტურები გაუცდა - ლა ლიგაში ქართველის დებიუტი გასულ ტურში ელჩეს წინააღმდეგ შედგა.
გიორგი წიტაიშვილი
წიტაიშვილი ჩვენს სიაში ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით ლა ლიგაში არ უთამაშია, თუმცა ეს რომ სულ მალე მოხდება ეჭვგარეშეა - დინამო კიევის საკუთრებაში მყოფი ქართველი ნახევარმცველი მადრიდულ რაიო ვალეკანოს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა და ჯერ კიდევ თავისი დებიუტის მოლოდინშია.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები