ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ხულიან ალვარესმა არსენალის მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას ღიად განუცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონურ კლუბში გადასვლა არ სურს.
მიუხედავად იმისა, რომ არსენალი ფეხბურთელის გადარწმუნებას აქტიურად ცდილობს, არგენტინელმა მათ შეთავაზებაზე საბოლოო უარი თქვა.
მადრიდის ატლეტიკომ ფეხბურთელს მომავლის გასარკვევად ბოლო ვადად კვირა დღე დაუსახელა. კლუბი მზადაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (სამშაბათამდე) თავდამსხმელი შეელიოს, თუ მსურველი გუნდი მის სანაცვლოდ 128 მილიონ ფუნტს გადაიხდის. Sky Sports-ის ინფორმაციით, ალვარესის დამატებას არსენალის გარდა მანჩესტერ სიტიც ცდილობდა.
თუმცა, თავად ფეხბურთელის მთავარი მიზანი ბარსელონაში ტრანსფერია. ამის გამო მან გუნდთან ერთად ვარჯიში 4 დღით გააცდინა და ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ცდილობს. ატლეტიკო კატალონიურ ვარიანტს სასტიკად ბლოკავს და ბარსელონას მოლაპარაკებების პროცესში არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
არგენტინელმა გუნდის დატოვების სურვილი ჯერ კიდევ ივნისში დააფიქსირა, რაზეც საჯაროდ ისაუბრა:
მე ვესაუბრე ატლეტიკოში იმ ადამიანებს, ვისაც უნდა დავლაპარაკებოდი და ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი ჩემი ტრანსფერია. მინდა, ჩემი ოცნება ავიხდინო. შეიძლება ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ ვერც დავმალავ. ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი ვიყო.