უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის (UAF) პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომ, ჯანი ინფანტინოს განცხადებას უპასუხა, რომელიც საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე რუსეთის შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა.
ფიფას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული აკრძალვა უნდა გაუქმდეს: „ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა — მხოლოდ მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი წარმოშვა“.
„მინდა დავიწყო კვირის მთავარი ამბით, რომელმაც ყველა შეძრა. საუბარია ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინტერვიუზე რუსების ფეხბურთში შესაძლო დაბრუნების შესახებ.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის რეაქცია მყისიერი იყო. ჩვენი პოზიცია უცვლელია: სანამ ომი გრძელდება, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ რუსების ფეხბურთში დაბრუნების. ბოლო დღეებში ფიფას წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე გვქონდა კომუნიკაცია. ამჟამად ფიფას საბჭო რუსების დაბრუნების საკითხს არ განიხილავს — ეს ინფორმაცია ევროპულმა მედიამაც გაავრცელა.
ვგეგმავ შეხვედრას ჯანი ინფანტინოსთან, რათა კიდევ ერთხელ დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ჩვენს პოზიციაზე. სხვადასხვა ასოციაციების კოლეგები მხარს გვიჭერენ. სანამ ეს მხარდაჭერა არსებობს, რუსების დაბრუნება შეჯიბრებებზე არ განიხილება“, — ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს UAF-ის ოფიციალური საიტი.