საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.
წილისყრისა და მომავალი მეტოქეების შესახებ, ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი საუბრობს:
"ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია.
ამის მიუხედავად, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ", - აღნიშნა სანიოლმა.
ლიგის ეტაპი, გახანგრძლივებული საერთაშორისო ფანჯრით, 2026 წლის 24 სექტემბრიდან დაიწყება და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება - გუნდები 13-დღიან მონაკვეთში 4 მატჩს ჩაატარებენ, მეორე სანაკრებო პაუზა კი 12-17 ნოემბერს იქნება.
2026-27 წლების ერთა ლიგა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპთან იქნება დაკავშირებული. ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგების საფუძველზე, შესაბამის გუნდებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის პლეი-ოფებში მოხვედრისთვის დამატებითი შანსი მიეცემა.