კალიფორნიაში გამართულ კრივის საღამოზე, ლეგენდარულმა ამანდა სერანომ კარიერაში 50-ე გამარჯვება მოიპოვა.
მან 12-რაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში ნაკლებად ცნობილი ლუკრეცია მანსური დაამარცხა.
ღონისძიება სარეკორდო აღმოჩნდა: ჯეიკ პოლის კომპანიის (MVP) მიერ ორგანიზებული ღონისძიება სრულად TikTok-ზე გადაიცემოდა და მას ლაივში 3.4 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.
სკანდალური გადაწყვეტილება
გულშემატკივრები სერანოსგან სწრაფ ნოკაუტს ელოდნენ, თუმცა მანსურმა შესანიშნავად იასპარეზა და ბევრი მაყურებლის აზრით, გამარჯვებასაც იმსახურებდა. საბოლოოდ, მსაჯების უმრავლესობის საკამათო გადაწყვეტილებით (114-114, 116-112, 116-112) სერანომ მოიგო.
პენსიაზე ფიქრი
ბრძოლის შემდეგ ჩემპიონმა პრესკონფერენცია გამოტოვა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ ასაკი თავისას აკეთებს. სერანოს თქმით, ის საკუთარ გუნდთან ერთად დაფიქრდება და კარიერის შესაძლო დასრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.