ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერ ლიგის ბომბარდირთა დავის პირველ პოზიციაზე რჩება. ჩემპიონატის 26-ე ტურში მისმა შანდონ ტაიშანმა იუნან იუკუნს საშინაო მატჩი ვერ მოუგო - 1:1.
ცხადია, ქართველი მასპინძელთა რიგებში 90 წუთი თამაშობდა, მაგრამ მან და მისმა თანაგუნდელებმა მე-10 ადგილოსან მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და ზედიზედ მე-3 ფრე ითამაშეს. შანდონს 43 ქულა აქვს და ზედა ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება - როგორც ჩანს, ამ სეზონის მაქსიმუმი ხუთეულისთვის ბრძოლა იქნება.
ვაკოს 27 ივლისიდან 12 სექტემბრამდე ფანტასტიკური პერიოდი ჰქონდა - 7 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას შემდეგ 2 ტურია მოედნიდან უგოლოდ გადის.
ყაზაიშვილმა სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავის მე-2 ადგილოსან ფაბიო აბრეუს (ბეიჯინ გოანი) 1 გოლით უსწრებს, 19 გოლი აქვს ლიდერ შანხაი პორტის ბრაზილიელ ფორვარდ ლეოს.
32 წლის ქართველს აქამდე კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი 2-ჯერ ჰქონდა - 2014-15 წლებში ვიტესის მაისურით და 2023 წელს კორეული ულსან ჰიუდაის რიგებში 11-11 გოლი გაიტანა.