გიორგი მამარდაშვილი მე-6 ქართველია, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშა. ქართველი მეკარის სადებიუტო მატჩი სტემფორდ ბრიჯზე, ჩელსის წინააღმდეგ, შედგა. მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
ანგარიში მოიზეს კაისედოს შორეული უძლიერესი გასროლის შემდეგ გაიხსნა, რასაც ლივერპულელებმა მეორე ტაიმის შუაში, კოდი ხაკპოს გოლით უპასუხეს. ლურჯებს გამარჯვება 18 წლის ბრაზილიელმა სუპერ ტალანტმა, ესტევაომ მოუტანა - მარკ კუკურეიას პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან შეაგდო. ესტევაომ მოედანზე სულ რაღაც 16 წუთი გაატარა.
მამარდაშვილს მატჩის განმავლობაში 4 სეივი ჰქონდა - განსაკუთრებით რთული ბურთი, 84-ე წუთზე, იმავე ესტევაოს აუღო.
დღევანდელი მარცხით, მერსისაიდელებმა ჩემპიონატის ლიდერობა არსენალს გადააბარეს - ვესტ ჰემს, რაისის გოლითა და საკას ზუსტადშესრულებული პენალტით, 2:0 მოუგეს. არტეტას გუნდს 16 ქულა აქვს, სლოტისას - 15.
გავიხსენოთ, რომ ლივერპულმა წინა ტურშიც წააგო და მაშინაც ლონდონში - კრისტალ პალასის წინააღმდეგ. ასე რომ, თუკი ჩემპიონთა ლიგასაც მივათვლით (გალათასარაისთან 0:1), ზედიზედ 3 მარცხი აქვს.
გიორგი მამარდაშვილამდე, ქართველთაგან ინგლისის მთავარ ლიგაში რატი ალექსიძეს (2 მატჩი), მიხეილ ყაველაშვილს (4 მატჩი), ზურაბ ხიზანიშვილს (62 მატჩი), თემურ ქეცბაიასა (77 მატჩი და ქართველთა შორის ყველაზე მეტი - 8 გოლი) და გიორგი ქინქლაძეს (102 მატჩი და ქართველთა შორის ყველაზე მეტი - 13 ასისტი) უთამაშიათ.
The Athletic-ის ინფორმაციით, მამარდას კონკურენტი ალისონ ბეკერი მოედანს, სავარაუდოდ, ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება. იქამდე ლივერი, ჩელსის გარდა, იუნაიტედთან, რეალთან და სიტისთან ითამაშებს.