"არ გაგვიმართლა, პირველს რომ გაგვეტანა, სხვა თამაში იქნებოდა" - იბერიას კაპიტანი
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სლოვან ბრატისლავასთან 0:2 საშინაო მარცხის შემდეგ, იბერია 1999-ის კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"შეხვედრას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით წავაგეთ, თუმცა პოზიტიური დეტალებიც იყო. ეს ითქმის ბურთის ფლობასა და იმ შანსებზე, რომლებიც შევქმენით.
მსაჯმა მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა - ორი გოლი არ ჩაგვითვალა და პენალტი არ დაგვინიშნა, ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიურად მოქმედებს. პირველს რომ გაგვეტანა, სხვანაირი თამაში იქნებოდა. ცოტა იღბალის მომენტიც იყო, მეტოქეს უფრო მეტად გაუმართლა, ჩვენი დღე კი არ იყო.
როცა ასეთი დონის მეტოქესთან სათამაშოდ ემზადები, ცხადია, ღელვა გაქვს, მაგრამ 5 წუთის შემდეგ ყველა ჩვენგანი უფრო მეტად გაიხსნა და, ვფიქრობ, ჩვენი გუნდის შესაძლებლობები კარგად ნახეთ - თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია.
დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა და მხარს გვიჭერდა, ამას ძალიან ვაფასებთ", - აღნიშნა ჯინჯოლავამ.
თბილისში 0:2 მარცხის შემდეგ, იბერია 1999 სლოვანს უკვე ბრატისლავაში, 29 ივლისს შეხვდება.