ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-7 ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე მონაკო გაანადგურა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მადრიდული გუნდის გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
მატჩი, რომელშიც ალვარო არბელოას სამწვრთნელო დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე, რეალმა მე-5 წუთზე გატანილი გოლით გახსნა — ფრანკო მასტანტუონოს და ფედე ვალვერდეს ლამაზ გათამაშებას მბაპეს უზადო დარტყმა მოჰყვა.
26-ე წუთზე კილიან მბაპემ ულამაზესი კომბინაციის შემდეგ დუბლიც გაიფორმა და რეალი შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. ერთადერთი, რაც მონაკომ მოახერხა — ტეზეს შორეული დარტყმა იყო, რომელიც ხარიხამ აისხლიტა.
შესვენების შემდეგ რეალმა მეტოქის რბევა გააგრძელა და 51-ე წუთზე მასტანტუონომ შეძლო ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლის გატანა, ვინისიუსმა კი უკვე მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა.
შემდეგ იყო ტილო კერერის ავტოგოლი, თავად ვინისიუსის გოლი და ბელინგემის წერტილი. ერთადერთი, ვინც შეიძლება დღეს ოდნავ უკმაყოფილო დარჩენილიყო — ტიბო კურტუაა, რომელმაც კარი მშრალად დანი სებალიოსის უხეში შეცდომის გამო ვერ შეინახა.
საბოლოოდ, რეალმა 2026 წელი ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა და ბოლო ტურის წინ, ამ ეტაპზე საერთო ცხრილში მე-2 ადგილს 15 ქულით იკავებს.
ბოლო ტურში რეალი სტუმრად ბენფიკას დაუპირისპირდება, მონაკო კი, რომელიც 9 ქულით მე-20 ადგილზე იმყოფება, საკუთარ მოედანზე იუვენტუსს უმასპინძლებს.