მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა სერიოზული დილემის წინაშე დგას.
ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, გუნდის დამრიგებელს ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, სადაც რეალი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, მარცხენა მცველის პოზიციაზე სამი თანაბარი კანდიდატი ჰყავს.
გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ფერან გარსია, ალვარო კარერასი და ფერლან მენდი იბრძვიან. ეს არჩევანი განსაკუთრებით აქტუალური ლა ლიგის გადამწყვეტი ეტაპისა და ევროპული კლასიკოს წინ ხდება. მადრიდული მედია ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე სეზონში არბელოა დიდ ნდობას უცხადებს ალვარო კარერასს, თუმცა ფერლან მენდი ყოველთვის რჩება ფავორიტად, თუკი მისი ფიზიკური კონდიციები ამის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება ფერან გარსიას, მან ბოლო კვირებში დაამტკიცა, რომ რეგულარული სათამაშო დროის მიცემის შემთხვევაში გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, არბელოასთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იქნება.
ხვალ რეალი ლა ლიგის ფარგლებში მალიორკას ესტუმრება, მომავალ სამშაბათს კი სანტიაგო ბერნაბეუზე ბაიერნს უმასპინძლებს. ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა იქნება, სადაც შეცდომის უფლება მინიმუმამდეა დაყვანილი.