-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
,,28 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ის გამოირჩევა ეპიზოდების წინასწარ ამოცნობის უნარით, სისწრაფითა და ბურთის ეფექტურად ჩაჭრით, მოედანზე კი დიდი ავტორიტეტი და ლიდერული თვისებები აქვს.
კრისტიან რომერო 1998 წლის 27 აპრილს არგენტინის ქალაქ კორდობაში დაიბადა. პროფესიული კარიერა ბელგრანოში დაიწყო, რომლის პირველ გუნდშიც დებიუტი 2016 წლის აგვისტოში ჰქონდა.
იქ 2 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც ევროპაში გადავიდა და იტალიურ ჯენოას შეუერთდა. სერია A-ში შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონის შემდეგ, 2019 წლის ზაფხულში იუვენტუსმა შეიძინა.
თუმცა, ტურინულ კლუბთან კონტრაქტის მოქმედების პერიოდში რამდენიმე გუნდში იჯარით ითამაშა: ჯერ კვლავ ჯენოაში (2019/20), შემდეგ ატალანტაში (2020/21), სადაც სერია A-ს საუკეთესო მცველად დაასახელეს, ბოლოს კი ტოტენჰემში (2021/22).
ინგლისურმა კლუბმა იჯარის დასრულების შემდეგ მისი კონტრაქტი სრულად გამოისყიდა და რომერომ ტოტენჰემის მაისურით კიდევ 4 წელი ითამაშა. საერთო ჯამში, მან ლონდონში 5 სეზონი გაატარა, 156 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2024/25 წლების სეზონში კი უეფას ევროპა ლიგა მოიგო. ამ ტურნირზე კრისტიან რომერო როგორც მთლიანად გათამაშების, ასევე ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ტოტენჰემისთვის კი ეს 31 წლის განმავლობაში პირველი ევროპული ტიტული იყო.
რომეროს არგენტინის ნაკრებში 58 მატჩი აქვს ჩატარებული. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2021 წლის ივნისში შედგა და მას შემდეგ ალბისელესტესთან ერთად არცერთ ტურნირზე მეორე ადგილზე დაბლა არ გასულა.
ის არგენტინის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო 2022 წლის ფინალისიმასა და მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე 2021 და 2024 წლების კოპა ამერიკის მოგებისას. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა.
კეთილი იყოს შენი მობრძანება, კუტი რომერო!" - წერია როხიბლანკოს ოფიციალურ განცხადებაში.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში დაახლოებით 40 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერით გადავიდა, ხოლო ტოტენჰემი მისი მომდევნო ტრანსფერიდან 15%-ს მიიღებს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები