-
Aa
+
ფონტის ზომა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, თუმცა მანამდე MetLife Stadium-ზე, საერთაშორისო ფეხბურთის ორი გრანდი, ესპანეთი და არგენტინა, მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
MetLife Stadium-ზე ბოლო მატჩიდან უკვე 2 კვირა გავიდა, თუმცა ტურნირი სწორედ აქ, გრანდიოზული ფინალით დასრულდება.
ესპანეთმა დამაჯერებლად დაამარცხა საფრანგეთი და ფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო არგენტინამ ინგლისს დამატებულ დროში გატანილი გოლით აჯობა.
არგენტინა ზედიზედ მე-2 და ჯამში მე-4 მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებას ეცდება, ხოლო ესპანეთი 2010 წლის შემდეგ პირველ და ისტორიაში მე-2 ტიტულს უმიზნებს.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გახდა და ახლა ცდილობს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში 100%-იანი შედეგი შეინარჩუნოს (2 ფინალი, 2 ტიტული).
მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული ზედიზედ მხოლოდ 2 ქვეყანას მოუგია: იტალია (1934, 1938), ბრაზილია (1958, 1962). არგენტინას შეუძლია მე-3 გახდეს, მას შემდეგ რაც 2022 წლის ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
არგენტინის პლეი-ოფის ყველა გამარჯვება 75-ე წუთის შემდეგ გატანილი გოლებით მოვიდა, მათგან 2 კი დამატებით დროში. შესაბამისად, თუ ესპანეთი ადრეულ უპირატესობას მოიპოვებს, არგენტინის ჩამოწერა ნაადრევი იქნება.
ეს, დიდი ალბათობით, ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩი იქნება. გამარჯვებისა და 1-2 გოლის შემთხვევაში მას კარიერის დასრულება შეეძლება: მეორე მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულით, ოქროს ბუცით და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით.
ამ შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა ესპანეთის დაცვას ჰქონდეს. ლა როხამ მთელ ტურნირზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე და კრიშტიანუ რონალდუ, გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
ეს იქნება გუნდების პირველი შეხვედრა 2018 წლის შემდეგ და მხოლოდ მეორე ოფიციალური დაპირისპირება ისტორიაში.
ბოლო მატჩი ესპანეთის სრული უპირატესობით დასრულდა, 2018 წლის ამხანაგურ შეხვედრაში „ლა როხამ“ არგენტინა 6:1 გაანადგურა, ხოლო ისკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთი და არგენტინა მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან, 1966 წლის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც არგენტინამ 2:1 მოიგო. არგენტინელთა ორივე გოლი ლუის არტიმემ გაიტანა, ხოლო ესპანეთის მხრიდან თავი პირრიმ გამოიჩინა.
საერთო ჯამში, გუნდები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ და სტატისტიკა სრულად თანაბარია.
ესპანეთის გამარჯვება - 6
ფრე - 2
არგენტინის გამარჯვება - 6
ესპანეთი - სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, რუისი; იამალი, ოლმო, ბაენა, ოიარსაბალი
არგენტინა - ემი მარტინესი; მოლინა, რომერო, ლისანდრო მარტინესი, ტალიაფიკო; პარედესი, დე პოლი, მაკ ალისტერი, ფერნანდესი; მესი, ალვარესი
ესპანეთისა და არგენტინის ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

