სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი ვიხილეთ - რომეო ბერიძე (63 კგ.), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ.), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ.) და საბა ჩილაშვილი (130 კგ.).
წარმატებული დღე მხოლოდ 21 წლის ორჯონიკიძეს ჰქონდა, რომელმაც 4 ეტაპი გაიარა, ფინალში გავიდა და დღეს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველი თანატოლ უკრაინელ ირფან მირზოიევს შეხვდება - თბილისის დროით, დაახლოებით 20:20 საათიდან.
აღსანიშნავია, რომ ორჯონიკიძესა და მირზოიევს 2022 წლის ივნისში, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება მოუწიათ - თემურმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა.
რეპეშაჟში აგრძელებენ ასპარეზობას აჩიკო ბოლქვაძე და საბა ჩილაშვილი - ბრინჯაოს მედლის მოგების შანსს ინარჩუნებენ.
მათ გარდა, დღეს ხალიჩაზე კიდევ 4 ქართველს ვიხილავთ - გიორგო კოჩალიძეს (55 კგ.), ანრი ხოზრევანიძეს (67 კგ.), ნიკა ბროლაძესა (72 კგ.) და ლუკა გაბისონიას (97 კგ.).