ალექსანდერ ისაკი ვარჯიშს დაუბრუნდა: არნე სლოტმა შვედი ფორვარდის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
ლივერპულის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო სიახლეა, ალექსანდერ ისაკი მოედანს უბრუნდება. შვედმა თავდამსხმელმა კოჭზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი დაიწყო და გუნდის ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ტრავმის ისტორია
ისაკი მერსისაიდელებს შობის წინ გამოაკლდა. ტოტენჰემის წინააღმდეგ მოგებულ (2:1) მატჩში, ანგარიშის გახსნის შემდეგ, მან მიკი ვან დე ვენთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ფორვარდს მცირე წვივის მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
დაბრუნების ვადები
შვედი ფეხბურთელი ხვალ, გალათასარაის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩს გამოტოვებს. ლივერპული პირველი შეხვედრის შემდეგ 0:1-ს აგებს და მეოთხედფინალში გასასვლელად, სადაც შესაძლოა ჩელსი ან პსჟ=ს შეხვდეს, რევანში სჭირდება.
სამშაბათს ისაკმა სარეაბილიტაციო კურსის დასკვნითი ნაწილი ძირითადი ჯგუფისგან დამოუკიდებლად გაიარა. არნე სლოტმა ტოტენჰემთან ფრის (1:1) შემდეგ აღნიშნა, რომ ფეხბურთელი საერთო გუნდურ ვარჯიშებს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება.
"ის ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო გუნდთან ერთად მუშაობს და არა ძირითად შემადგენლობასთან. არ ველოდები, რომ ის მარტში შვედეთის ნაკრებში წავა, თუმცა კლუბსა და ნაკრებს შორის კომუნიკაცია ყოველთვის არსებობს. ჩემი ვარაუდით, ის მანამდე ჩვენთან არ ითამაშებს," – განაცხადა სლოტმა.
სხვა სიახლეები გუნდიდან
სამშაბათის ვარჯიშზე არ გამოჩენილა ჯო გომესი, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მონაწილეობას გალათასარაისთან მატჩში. სამაგიეროდ, მწყობრში არიან მოჰამედ სალაჰი, უგო ეკიტიკე, იბრაჰიმა კონატე და მილოშ კერკეზი. სავარაუდოდ, არნე სლოტი მათ სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნებს.