არსენალის ყოფილი მეკარე ბერნდ ლენო სოციალურ ქსელში მოწონებული პოსტის გამო შარში გაეხვა.
ინსტაგრამზე გავრცელდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო რგოლი, რომელშიც ავტომობილი პრაიდ-აღლუმში მანქანით შევარდა.
"GTA 6-ში პრაიდ-აღლუმები იქნება. აი, ასე მოვიქცევი მე, როგორც კი თამაშს ჩავრთავ." - ეწერა ვიდეოს, რომელმაც ასობით ათასი ნახვა დააგროვა, სანამ წაიშლებოდა.
პოსტის ერთ-ერთი მომწონებელი არსენალის ყოფილი და ფულემის ამჟამინდელი მეკარე ბერნდ ლენო გახდა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სოც ქსელების მომხმარებლები მის პროფილს თავს დაესხნენ და კომენტარებში ცისარტყელას უწერდნენ, რის გამოც მას კომენტარების ფუნქციის გათიშვა მოუწია.
სხვებთან ერთად ლენო გააკრიტიკა მსაჯმა და ბლოგერმა პასკალ კაიზერმაც, რომელმაც ბერნდს პირადად მისწერა:
„არ მაინტერესებს დებატები, ახსნა-განმარტებას ვითხოვ. რატომ მოსწონს მსგავსი რამ ნაკრების ფეხბურთელს? იყო თუ არა ეს შეცდომა? რატომ გაურბის ხალხი პასუხისმგებლობას, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია განმარტოს?" - ნათქვამია კაიზერის შეტყობინებაში.
ბისექსუალური ორიენტაციის არბიტრის თქმით, ლენომ მას არ უპასუხა და დაბლოკა კიდეც.
მეკარემ მოწონება პოსტის წაშლამდე ცოტა ხნით ადრე მოაშორა. გერმანიის პოლიციამ კი ამ პოსტის გამოქვეყნების გამო გამოძიება დაიწყო.