უეფამ ოფიციალურად დაადასტურა იმ მსაჯთა ბრიგადის ვინაობა, რომელიც 30 მაისს, ბუდაპეშტში, არსენალისა და პარი სენ-ჟერმენის ფინალს გაუძღვება.
მთავარ რეფერიდ გერმანელი დანიელ ზიბერტი დაინიშნა, რომელიც ლონდონური კლუბისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა.
იღბლიანი სტატისტიკა
არსენალის გულშემატკივრებისთვის ზიბერტის დანიშვნა პოზიტიური სიგნალია: გერმანელმა რეფერიმ მეთოფეების მატჩი კარიერაში ოთხჯერ განსაჯა და ლონდონელებმა ოთხივეჯერ გაიმარჯვეს. მათ შორის იყო მიმდინარე სეზონის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ატლეტიკოს წინააღმდეგ (1:0) და მეოთხედფინალური მატჩი სპორტინგთან.
სკანდალი ნახევარფინალში
ზიბერტის სახელი ატლეტიკოსთან გამართულ სკანდალურ მატჩს უკავშირდება. მადრიდელები განრისხებულები იყვნენ, როდესაც მსაჯმა რიკარდო კალაფიორის მიერ ანტუან გრიზმანის წინააღმდეგ საეჭვო ქმედებაზე პენალტი არ დანიშნა. დიეგო სიმეონემ მატჩის შემდეგ პირდაპირ განაცხადა: „ეს აშკარა ჯარიმა იყო“.
აღსანიშნავია, რომ ზიბერტის ხელში წაგება არც პარი სენ-ჟერმენმა იცის - მათ გერმანელის მსაჯობისას 3 მოგება და 1 ფრე აქვთ. 30 მაისს ერთ-ერთი გუნდის უძლეველი სერია აუცილებლად დასრულდება.