მიუხედავად იმისა, რომ ლამინ იამალი სულ რაღაც 18 წლისაა, მას უკვე ლა ლიგის სამი ტიტული აქვს მოგებული.
ბარსელონას საჩემპიონო აღლუმზე, რომელიც რეალის დამარცხების შემდეგ გაიმართა, ახალგაზრდა ვარსკვლავმა მომავლის გეგმებზე ისაუბრა და ფანებს განსაკუთრებული პირობა მისცა.
ლა მასიას აღზრდილმა მადლობა გადაუხადა ქუჩაში გამოსულ ათასობით გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ კლუბმა რთული პერიოდი უკვე გადალახა:
ეს დაუჯერებელია. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან დღეებში. ეს ჩვენი ცხოვრების კლუბია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ყოველი ტიტული, რადგან გამარჯვება მარტივი არ არის
თუმცა, იამალისთვის სამი ჩემპიონობა, ორი სუპერთასი და ესპანეთის თასი საკმარისი არ აღმოჩნდა. მან პირდაპირ მიანიშნა იმ ტურნირზე, რომლის მოგებაც კატალონიელი გულშემატკივრების უმთავრესი ოცნებაა:
ხალხი აქ არის, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია და სამუშაო დღეა. ჩემპიონთა ლიგის აღლუმი? ცალსახად, დიახ! მშობლებმა მასწავლეს, რომ კაცმა სიტყვა ყოველთვის უნდა შეასრულოს... და ჩვენ მას ბარსელონაში დავაბრუნებთ
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ, მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.