ბარსელონამ მადრიდის რეალის დამარცხებით ლა ლიგის ტიტული გაინაღდა, თუმცა ნამდვილი სოციალური ომი მოედნის მიღმა დაიწყო.
ტრავმირებულმა ლამინ იამალმა, რომელიც მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს, რეალის ვარსკვლავს, ჯუდ ბელინგემს, ძველი „ანგარიში“ გაუსწორა.
იამალმა Instagram-ზე ფერან ტორესის გოლის აღნიშვნის ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: „ლაპარაკი ადვილია“ (Talk is cheap), რასაც სიცილის სმაილები დაურთო. ეს ფრაზა შემთხვევითი არ ყოფილა - ეს იყო პირდაპირი პასუხი ბელინგემის მიერ ოქტომბერში გაკეთებულ პოსტზე.
დაპირისპირების ისტორია
ამ ორ ფეხბურთელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სეზონის პირველ კლასიკოში რეალმა 2:1 მოიგო. მაშინ ბელინგემმა სოციალურ ქსელში სწორედ ეს ფრაზა გამოიყენა, რაც იამალის მატჩისწინა განცხადებებზე პასუხი იყო. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ესპანელმა მადრიდელები მსაჯების დახმარებით თამაშების „მოპარვაში“ დაადანაშაულა.
ახლა კი, როცა ბარსელონამ ჩემპიონობა სწორედ რეალის თვალწინ იზეიმა, იამალმა მომენტი ხელიდან არ გაუშვა. მას მხარი გავიმაც აუბა, რომელმაც იამალის პოსტი საკუთარ გვერდზე გადააზიარა.
ამჟამად ლამინ იამალი ბარძაყის კუნთის ტრავმის რეაბილიტაციას გადის და დროსთან რბოლაშია, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმაში ჩადგომა მოასწროს.