ცნობილი ჟურნალისტის, ტომ ბოგერტის ინფორმაციით, ატლანტა იუნაიტედი საბა ლობჟანიძეს რეალ სოლტ ლეიკში გაასხვისებს.
სანაცვლოდ კლუბი 625,000 დოლარის ოდენობის გარანტირებულ General Allocation Money-ს (GAM) მიიღებს, დამატებით ბონუსებთან ერთად, თუმცა ატლანტა კვლავ დაფარავს მისი სახელფასო ბიუჯეტის გარკვეულ ნაწილს.
საბას პერიოდი ატლანტაში ორ ნაწილად შეიძლება გავიხსენოთ. მისი კლუბში მისვლა შთამბეჭდავი იყო, მან გულშემატკივრების სიყვარული დაუღალავი ენერგიით, ბრძოლისუნარიანობითა და საკმაოდ კარგი სტატისტიკით მოიპოვა.
სამწუხაროდ, ბოლო სეზონებში მისი შედეგიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, გოლები იშვიათი გახდა და მისი გავლენაც აშკარად დაეცა.
ადგილობრივი გამოცემების შეფასებით, მისი წასვლა მოულოდნელი არ უნდა იყოს, რადგან კლუბს სასწრაფოდ სჭირდება ახალი ფეხბურთელების დამატება თითქმის ყველა პოზიციაზე, რათა გუნდი განახლდეს და ახალი იმპულსი მიიღოს. განსაკუთრებით აქტუალური საჭიროებაა ფლანგის შემტევების პოზიციაზე.
საბა ლობჟანიძეს 2023 წლიდან ატლანტაში ჩატარებულ 100 მატჩში 17 გოლი და 17 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
რეალ სოლტ ლეიკი MLS-ში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და ლიდერ ვანკუვერ უაითკეპსს 6 ქულით ჩამორჩება.