ატლეტიკო მადრიდის გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა, ბარსელონა მწვავედ გააკრიტიკა და კატალონიური გრანდი ხულიან ალვარესის ტრანსფერის გარშემო „ტყუილებსა და უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა.
კლუბი მზადაა ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანოს.
მადრიდელები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ბარსელონა ფეხბურთელს ზურგს უკან ელაპარაკება. ალვარესი ატლეტიკოში 2024 წელს, მანჩესტერ სიტიდან 81.8 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადავიდა და კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს.
ჩვენი მოვალეობა ატლეტიკოს ინტერესების დაცვაა. ფიფაში ბარსელონას წინააღმდეგ საჩივარს შევიტანთ იმ მოთამაშესთან მოლაპარაკებების გამო, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი აქვს
კლუბის ხელმძღვანელობა თავად ფეხბურთელის საჯარო განცხადებამაც გააბრაზა. მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, ალვარესმა პირდაპირ თქვა, რომ წასვლა სურს: „ვფიქრობ, ყველასთვის საუკეთესო ტრანსფერი იქნება. მინდა ჩემი ოცნება ავიხდინო“.
ძალიან ვნანობ მის სიტყვებს. ეს არ იყო ამ განცხადების დრო, ეს მესისა და არგენტინის ნაკრების დღე იყო და არა ხულიანის. მას თავისი ოცნებები აქვს, ჩვენ - ჩვენი. ატლეტიკოს მისი გაყიდვა არ სურს
დირექტორმა ბარსელონას ფინანსურ შესაძლებლობებშიც შეპარვა ეჭვი და აღნიშნა, რომ კატალონიელები ყველას ატყუებენ:
„ბარსელონა პატივს არ გვცემს. ისინი ატყუებენ ჩვენც, ფეხბურთელსაც, მედიასაც და საკუთარ ფანებსაც. ცდილობენ ყველას დააჯერონ, რომ შეუძლიათ იმ ტრანსფერის განხორციელება, რომლის თავიც რეალურად არ აქვთ. შარშან ზუსტად იგივე გაუკეთეს ნიკო უილიამსსა და ატლეტიკ ბილბაოს“.