დღეს ესპანეთში, კერძოდ სევილიაში, ესტადიო დე ლა კარტუხაზე, კოპა დელ რეის ფინალი შედგება.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მადრიდის ატლეტიკო და სან სებასტიანის რეალ სოსიედადი დაუპირისპირდებიან.
გავიხსენოთ, რა გზა გაიარეს გუნდებმა ფინალამდე:
ატლეტიკო
ბალეარესი 2-3
დეპორტივო 0-1
ბეტისი 0-5
ბარსელონა (ორი მატჩის ჯამში 4-3)
კოპა დელ რეის მიმდინარე სეზონში ატლეტიკოდან ყველაზე მეტი გოლი (5) ანტუან გრიზმანს აქვს გატანილი.
სოსიედადი
ნეგრეირა 0-3
რეუსი 0-2
ელდენსე 1-2
ოსასუნა 2-2 (პენალტებში მოგება)
ალავესი 2-3
ატლეტიკი (ორი მატჩის ჯამში 2-0)
სოსიედადიდან კი გამორჩეული ბენიატ ტურიენტესია, რომლის ანგარიშზეც 3 გოლია.
რა მდგომარეობაში არიან გუნდები სხვა ტურნირებზე?
მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგაში 57 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამეადგილოსან ვილიარეალს 4 ქულით ჩამორჩება, მდევარ ბეტისს კი 11 ქულით უსწრებს. პარალელურად კი დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლონდონის არსენალს შეხვდება.
რაც შეეხება სოსიედადს, ბასკურ გუნდს 42 ქულა აქვს და ევროზონაში მყოფ სელტას 2 ქულით ჩამორჩება, ბეტისთან კი 4 ქულა აშორებს.
ვის რამდენჯერ აქვს კოპა დელ რეი მოგებული?
მადრიდის ატლეტიკოს ესპანეთის თასი 10-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოჯერ კი ეს როხიბლანკომ 2013 წელს შეძლო, როცა სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ ფინალში რეალი დაამარცხა.
სოსიედადს კი ეს ტურნირი სულ 2-ჯერ მოუგია, ბოლოს კი ეს 2019-20 წლის სეზონში მოახერხა, როცა ბასკურ დერბიში ატლეტიკს აჯობა.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო - მუსო; მოლინა, ლე ნორმანი, პუბილი, რუჯერი; სიმეონე, ლიორენტე, კოკე, ლუკმენი; გრიზმანი, ალვარესი
სოსიედადი - რემირო; არამბურუ, მარიტნი, ჩალეტა-ცარი, გომესი; ტურიენტესი, სოლერი; მენდესი, სუჩიჩი, ბარენეჩეა; ოიარსაბალი
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.