პედრო ნეტუს ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია ემუქრება.
უეფამ ჩელსის შემტევის, პედრო ნეტუს წინააღმდეგ დისციპლინური სასჯელის განხილვა დაიწყო. მიზეზი პსჟ-სთან მატჩისას ბურთის მიმწოდებელ ბიჭთან მომხდარი ინციდენტია. შემთხვევა პარიზში, შეხვედრის მიწურულს მოხდა, როდესაც ჩელსი 2:4-ს აგებდა და პორტუგალიელი ფეხბურთელი თამაშის სწრაფად განახლებას ცდილობდა.
ნეტუმ ბურთის მოსაპოვებლად ბიჭს ხელი ჰკრა, რის გამოც ეს უკანასკნელი მოედანზე დაეცა. სიტუაცია წამიერად დაიძაბა, თუმცა რიის ჯეიმსმა და მარკინიოსმა ვითარების განმუხტვა შეძლეს. საინტერესოა, რომ არბიტრს ფეხბურთელი მოედანზე არ გაუფრთხილებია.
მატჩის შემდეგ, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით (5:2) დასრულდა, ნეტუ ბიჭთან მივიდა, ბოდიში მოუხადა და მაისური აჩუქა.
ფეხბურთელმა ინტერვიუშიც აღიარა, რომ ემოციებს აჰყვა და მსგავსი საქციელი მისთვის დამახასიათებელი არ არის. მიუხედავად სინანულისა, უეფამ ინციდენტის შესწავლა მაინც დაიწყო. მომხდარს უკვე ადარებენ ედენ აზარის 2013 წლის ცნობილ შემთხვევას, როდესაც ბელგიელმა სუონსისთან მატჩში ბურთის მიმწოდებელს წიხლი ჩაარტყა.
