მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მოულოდნელ გარიგებას ამზადებს.
მას შემდეგ, რაც ინგლისელმა შემტევმა, ენტონი გორდონმა ბარსელონაში გადასვლა ამჯობინა, გერმანულმა გრანდმა მთავარ სამიზნედ პსვ ეინდჰოვენის მაროკოელი ვარსკვლავი, ისმაელ საიბარი შეარჩია.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბაიერნსა და საიბარის შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თავად ფეხბურთელიც მზადაა მიუნხენში გადასაბარგებლად. მაროკოელს ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და ახლა პსვ-ს მიერ ტრანსფერის ფასის დასახელებას ელოდება. საიბარისთვის ბრძოლაში მიუნხენელებს კონკურენციას პსჟ და გალათასარაიც უწევენ.
ბაიერნის სპორტულ დირექტორ მაქს ებერლს საიბარის უნივერსალურობა ხიბლავს - მას შეუძლია როგორც ფლანგებზე, ისე ცენტრალურ თავდამსხმელად და ჰარი კეინის შემცვლელადაც ითამაშოს. იანვარში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საიბარიმ ბაიერნს ეფექტური გოლი გაუტანა, რამაც გერმანელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ამისა, მისი ფასი ბაიერნისთვის მისაღებია და არ გადააჭარბებს კლუბის მიერ დაწესებულ 60-მილიონიან ლიმიტს.
პსვ-ს 25 წლის შემტევი, რომელსაც კარიერაში უკვე 42 გოლი და 29 ასისტი დაუგროვდა, მაროკოს ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. ტურნირზე, სადაც მაროკოელები ჯგუფში ბრაზილიასთან, შოტლანდიასთან და ჰაიტისთან ითამაშებენ, საიბარის წარმატებულმა გამოსვლამ შესაძლოა მისი სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაზარდოს.