მიუნხენის ბაიერნის საოცარი ტრიო: 2025/26 წლების სეზონის დაუჯერებელი მიღწევა
მიუნხენის ბაიერნისთვის მიმდინარე სეზონი შეტევაში განსაკუთრებულად პროდუქტიული გამოდგა. ვინსენტ კომპანის გუნდმა ბუნდესლიგაში 100-გოლიან ნიშნულს დიდი ხანია გადააბიჯა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მათ ანგარიშზე 113 გატანილი ბურთია.
გერმანული გრანდი არანაკლებ შედეგიანად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 13 მატჩში 42 გოლი გაიტანეს. პსჟ-სთან გამართულ ნახევარფინალში მიუნხენელთა „მომაკვდინებელმა ტრიომ“, ჰარი კეინმა, მაიკლ ოლისემ და ლუის დიასმა, მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
სამივე შემტევმა პარიზულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლუის დიასის მიერ მეორე ტაიმში გატანილი ბურთი ამ სამეულისთვის სეზონში საიუბილეო, მე-100 გოლი აღმოჩნდა. ამ მიღწევის შემდეგ გაჩნდა კითხვა: ყოფილა კი ფეხბურთის ისტორიაში უფრო სახიფათო შემტევი სამეული?