მანუელ ნოიერმა, ბუნდესლიგის მე-14 ტურში, მაინცთან მატჩისას ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება მიიღო.
ბავარიული პრესის ინფორმაციით, 39 წლის ლეგენდა სავარჯიშო პროცესს მინიმუმ რამდენიმე კვირით ჩამოშორდა. რეაბილიტაციის ზუსტი ვადა ჯერჯერობით ვერ სახელდება - ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ნოიერი თამაშს ბუნდესლიგის ზამთრის შესვენების შემდეგ, 9 იანვრიდან შეძლებს.
გერმანული პრესა ვენსან კომპანის ნოიერისთვის დასვენების აუცილებლობაზე პერიოდულად მიანიშნებდა, თუმცა მანუს მიმდინარე სეზონში ბაიერნის მიერ ჩატარებული 24-დან 20 შეხვედრა სრულად აქვს ნათამაშები.
შეგახსენებთ, რეკორდმაისტერის კარის დარაჯმა გასული სეზონის გარკვეული ნაწილი, კუნთის ბოჭკოს დაზიანების, ნეკნის მოტეხილობისა და ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის გამო, გამოტოვა - გუნდს ჯამში 15 თამაშში ვერ დაეხმარა.