ლა ლიგის 35-ე ტურში ბარსელონამ მადრიდის რეალი დაამარცხა.
მატჩი მონჟუიკზე გაიმართა და ბარსელონას გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა - მე-14 წუთისთვის რეალი მბაპეს დუბლით 2:0-ს იგებდა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ბარსამ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და ტაიმი 4:2 მოიგო, გოლები ერიკ გარსიამ, იამალმა და რაფინიამ (დუბლი) გაიტანეს.
შესვენების შემდეგ რეალმა თამაში შედარებით გაათანაბრა და 70-ე წუთზე ინტრიგაც გააცოცხლა, როცა მბაპემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
შემდეგ კი საკამათო მომენტების კასკადი წამოვიდა - მსაჯმა ჯერ ჩუამენის საჯარიმოში ხელით თამაშის გამო პენალტი არ დადო, მიუხედავად იმისა, რომ სანახავად ეკრანთან დაუძახეს, შემდეგ კი ბოლო წუთებზე ფერმინ ლოპესის გოლი ხელით თამაშის გამო გააუქმა.
საბოლოოდ, ბარსამ საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა, რეალი ცხრილში 7 ქულით ჩამოიტოვა, რაც ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პრაქტიკულად ჩემპიონობას ნიშნავს.
შემდეგ მატჩში ესპანიოლის დამარცხებით ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს ოფიციალურად დაეუფლება.
ამ სეზონში ბარსელონამ 4-დან 4 კლასიკო მოიგო.