ჟოან ლაპორტამ საარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიულად დაიწყო და თავისი მთავარი მეტოქე, ვიქტორ ფონტი, მკაცრად გააკრიტიკა, რამაც ბარსელონას გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ლაპორტამ ფონტს ტექნოკრატი უწოდა და ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ის გაიმარჯვებს, ბარსელონას მართვას კომპიუტერით შეეცდება. ეს იყო პირდაპირი იერიში ფონტზე, რომელიც ამ თვის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში ლაპორტას კონკურენტია.
ვიქტორ ფონტმა კრიტიკას ოპერატიულად უპასუხა. მან ლაპორტა კონფრონტაციის მუდმივ ძიებაში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მოქმედი პრეზიდენტისგან ჯერჯერობით მხოლოდ თავდასხმები ესმის და არა რეალური გეგმები.
ლაპორტა მუდმივად კონფლიქტს ეძებს. ჩვენი პროექტი ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ერთიანობისკენ, მათ შორის ლაპორტას მომხრეების გაერთიანებისკენაც. ბარსელონას მხსნელები კი არა, გამართული პროექტები სჭირდება.
ფონტი უკან დახევას არ აპირებს:
ჩვენ დიდი ხანია კონკრეტულ წინადადებებს წარვადგენთ, ლაპორტასგან კი მსგავსი ჯერ არაფერი გვსმენია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლაპორტა და ფონტი ერთმანეთს პრეზიდენტობისთვის ებრძვიან, თუმცა ამჯერად მათ შორის სხვაობა საგრძნობლად შემცირებულია. ფონტი მიიჩნევს, რომ კლუბს მართვის სრულიად განსხვავებული სტილი სჭირდება.
ბარსელონას ახალი მოდელი სჭირდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს კონკურენცია გავუწიოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კლუბებს (მაგალითად, პსჟ-ს ან სიტის). ჩვენ უნდა დავასრულოთ იმპროვიზაციითა და კულუარული გარიგებებით მართვის ეპოქა.
ცნობისთვის, ფონტის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეკონომიკური გაჯანსაღების 5-წლიანი გეგმაა, რომელიც კლუბის ბრუნვის 1.65 მილიარდ ევრომდე გაზრდას და დაახლოებით 350-მილიონიან მოგებას ითვალისწინებს.