ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე სათამაშო დღეს კვლავ ორ მატჩს ვიხილავთ.
ბარსელონა - დორტმუნდი [23:00]
ბევრის აზრით ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი კატალონიური გრანდი დორტმუნდს უმასპინძლებს და შეეცდება, ფლიკის გუნდს 2018/19 სეზონის შემდეგ ტურნირის ნახევარფინალში პირველად გასვლაში შეუშალოს ხელი.
სხვათაშორის, ფლიკი ვახსენეთ და აქვე გეტყვით იმას, რომ გერმანელ სპეციალისტს დორტმუნდის წინააღმდეგ 100%-იანი მოგებების სერია აქვს, მან ბორუსიას წინააღმდეგ კარიერაში 6 მატჩი გამართა და უკლებლივ ყველას მოგება შეძლო.
მაშინ, როდესაც ბარსელონა ყველა ტიტულისთვის იბრძვის - ლა ლიგაში პირველ ადგილზეა, თასის ფინალში უკვე გავიდა და ლიგაზეც მთავარ ფავორიტად მოიაზრება, დორტმუნდის მთავარი გეგმა შიდა ჩემპიონატში უბრალოდ ტოპ 4-ში მოხვედრაა.
დორტმუნდისთვის დღევანდელ მატჩში ვითარებას ის ართულებს, რომ ესპანურ გუნდებს გერმანელები გასვლაზე 20-ჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ 3 მოგება მოიპოვეს (5 ფრე, 12 მარცხი).
სხვათაშორის, საერთო ლიგის ფაზაზე ეს ორი გუნდი ერთმანეთს უკვე შეხვდა, მაშინ გასვლაზე ბარსელონამ 3:2 მოიგო.
2025 წელს ფლიკის გუნდი დაუმარცხებელია, უკანასკნელად ბარსას ბეჭებზე დადება 2024 წლის დეკემბერში მადრიდის ატლეტიკომ (2:1) შეძლო. დორტმუნდის კარგი ციფრებიდან კი იმის გამორჩევა შეიძლება, რომ გუნდი ზედიზედ 11 ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩია გოლის გატანას ახერხებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: შესნი, კუნდე, კუბარსი, ინიგო მარტინესი, ბალდე, დე იონგი, პედრი, იამალი, ფერმინი, რაფინია, ლევანდოვსკი
დორტმუნდი: კობელი, რიერსონი, ჯანი, ანტონი, ბანსებაინი, ნმეჩა, ჩუკვუემეკა, ადეიემი, ბრანდტი, ბეიერი, გირასი.
პსჟ - ასტონ ვილა [23:00]
მეორე მატჩში კი ხვიჩა კვარაცხელია ასტონ ვილას დაუპირისპირდება და შეეცდება, კარიერაში პირველად გავიდეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. გასულ უიქენდზე ფრანგული კლუბი ქვეყნის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა, იქამდე რამდენიმე დღით ადრე კი თასის ფინალში გავიდა, სადაც რეიმსს მაისის ბოლოს დაუპირისპირდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი ტიტული გუნდს პრაქტიკულად ჯიბეში აქვს, ლუის ენრიკეს შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაზე სრული კონცენტრაციის გადატანა შეუძლიათ.
პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალს მეცხრედ ითამაშებს. გუნდმა წინა სამ შემთხვევაში 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა. თუმცა, ნაკლებად კარგი სტატისტიკაა ინგლისურ გუნდებთნა, სადაც პარიზი 2013/14 და 2015/16 წლებში 1/4 ფინალში ჩელსისგან და სიტისგან გავარდა.
უნაი ემერის რეკორდი ლუის ენრიკეს გუნდებთან არც თუ ისე სახარბიელოა - ემერის გუნდებმა 10-დან 7 მატჩი წააგეს.
ბოლო დროს ვილა საოცარ ფორმაშია - გუნდმა ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო - განსაკუთრებულ კარგ ფორმაში კი მარკუს რაშფორდი და მარკო ასენსიო არიან, რომელიც გუნდმა სწორედ პსჟ-დან ინათხოვრა. ესპანელმა 8 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო.
სხვათაშორის, ფინალამდე მიმავალი გზა პსჟ-სთვის მთლიანად ინგლისური გამოდგეს. გუნდმა 1/8 ფინალში ლივერპულის ბარიერი გადალახა, ახლა ასტონ ვილას ხვდება, რომლის გაცდენის შემთხვევაშიც დიდი ალბათობით არსენალთან მოუწევს პაექრობა, რომელმაც გუშინდელ 1/4 ფინალში რეალი 3:0 გაანადგურა და ბერნაბეუზე უდიდესი უპირატესობით ჩავა. რეალისგან ლიგაზე გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდ ფავორიტად მეთოფეები მოიაზრებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა
ასტონ ვილა: მარტინესი, ქეში, კონსა, მინგსი, დინი, კამარა, ტილემანსი, როჯერსი, მაკგინი, რემზი, რაშფორდი.