ბარსელონა 24-წლიანი პაუზის შემდეგ სამგუნდიან ტურნირში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, იტალიური ქალაქი უდინე ახალგახსნილი Friuli Venezia Giulia Cup-ის პირველ გათამაშებას უმასპინძლებს, სადაც კატალონიური გუნდი მასპინძელ უდინეზესა და ინგლისურ ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდება.
ტურნირის უჩვეულო და იშვიათი ფორმატის თანახმად, გუნდები ორ 45-წუთიან მატჩს ითამაშებენ. მსგავს სამგუნდიან ტურნირზე ბარსელონამ ბოლოს 2002/03 წლების სეზონის წინ, ამსტერდამში იასპარეზა, როდესაც ლუის ვან გაალის გაწვრთნილი გუნდი ამსტერდამის აიაქსსა და იტალიურ პარმას ეთამაშა.
ისტორიულად, ბარსელონას მსგავს ტურნირებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება აქვს. მაგალითად, 2001 წლის ივნისში კლუბმა ბასკი მეკარის, ურუტის ხსოვნის პატივსაცემად მინიესტადში მსგავს სამგუნდიან ტურნირს თავადაც გაუწია ორგანიზება, სადაც ესპანიოლსა და რეალ სოსიედადს შეხვდა და ტიტულიც მოიგო.
1990-იან წლებში ზაფხულის წინასასეზონო მზადების ფარგლებში მსგავსი ტურნირები ევროპაში ძალიან პოპულარული და ხშირი იყო. რაც შეეხება ყველაზე შორეულ წარსულს, კლუბის ისტორიაში პირველი სამგუნდიანი ტურნირი ჯერ კიდევ 1947 წლის ივნისში, პალმა დე მალიორკაში შედგა, სადაც ბარსამ მალიორკა და ატლეტიკო მადრიდი დაამარცხა, მანუელ ბადენესმა კი ორ მატჩში ექვსი გოლის გატანა შეძლო.