ბარსელონამ გამოაცხადა, რომ მაროკოში ადგილობრივ ითიჰად ტანჟერთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გაუქმებულია.
შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ესპანურ სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისია.
„ბარსელონა იუწყება, რომ გუნდის ამხანაგური მატჩი, რომელიც 15 აგვისტოს ტანჟერში უნდა გამართულიყო, გაუქმებულია. არსებული გაურკვევლობისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კლუბს ამ შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია“, - ნათქვამია კატალონიელთა ოფიციალურ განცხადებაში.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ მატჩში მონაწილეობის სანაცვლოდ ბარსელონას 4.5 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრა დაიწყო. ათეულობით ათასი ადამიანი ესპანეთში არალეგალურად გადავიდა, თუმცა მოგვიანებით ნაწილი უკან, მაროკოში ნებაყოფლობით დაბრუნდა.