NextGen Euroleague-ის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის ეგიდით, მათე ხატიაშვილმა ბერძნულ გრანდ პანათინაიკოსთან შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
მისმა ბასკონიამ მეტოქე 32-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და გათამაშება გამარჯვებით გახსნა.
მათე თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 28:21 წუთი გაატარა, 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 14-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. საერთო ჯამში, 17 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი ჩაიწერა აქტივში. ასევე, 2 ჩაჭრა და 3 დაკარგვაც ჰქონდა.
17 წლის ქართველის ეფექტიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში მე-4 შედეგი გახლდათ.
"გერასიმონ პაგოულატოსმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ხოლო კარასმა შორეული სროლით პანათინაიკოსს 8:9 დააწინაურა. ბასკონიამ მალე იპოვა თავისი მთავარი ფიგურა – ხატიაშვილი, რომელმაც 9:0 სერიის დროს 7 ქულა ჩააგდო და გუნდი 21:15 წინ გაიყვანა პირველი ათწუთეულის შემდეგ.
ხატიაშვილს მხარი პედრო ლუკას სოუზამ და დიალომ აუბეს, რის შედეგადაც ბასკონიას უპირატესობა შესვენებამდე 50:28 გახდა", - წერს ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
ბასკონიას ახალგაზრდულმა გუნდმა ტურნირის პირველი მატჩი მოიგო, ხვალ კი კიდევ 2 თამაშს გამართავს - ჯერ ბასკურ დერბიში ალავესს დაუპირისპირდება, შემდეგ კი ტურნირის მასპინძელი ქალაქის წარმომადგენელ გუნდ ბოლონიას შეხვდება.