ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ბაიერნის ისტორიის შავი ფურცელი
ფეხბურთიფეხბურთი

ბაიერნის ისტორიის შავი ფურცელი

16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუნხენის ბაიერნის სახელის გაგონებაზე ფეხბურთის ყველა ქომაგს პირველ რიგში ალბათ სერიული გამარჯვებები, ტიტულები და რეკორდები ახსენდება. ბავარიულ გრანდს კონტინენტის მასშტაბითაც უკავია ადგილი ევროპულ ელიტაში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როდის ჰქონდა ბაიერნს ყველაზე ცუდი, კატასტროფულად წოდებული სეზონი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში იყო.


სანამ ხსენებულ კოშმარულ სეზონამდე მივალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი წინა წლები, როგორც - კრახის მეტნაკლებად მომასწავებელი წინაპირობა.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბუნდესლიგაში 1987 წლის ჩემპიონობის შემდეგ, მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე სახელგანთქმული უდო ლატეკი იუპ ჰაინკესმა შეცვალა, სხვათა შორის - კარიერაში მეორედ: 1979 წელს ჰაინკესმა ლატეკი მიონხენგლადბახის ბორუსიის თავკაცის პოსტზეც ჩაანაცვლა, სადაც სწორედ 1987 წლამდე იმუშავა.



ჰაინკესის სადებიუტო სეზონში (1987-88) ბავარიელებმა ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნეს და ტიტული ოტო რეჰაგელის დამოძღვრილ ბრემენის ვერდერს დაუთმეს, როდესაც პრაქტიკულად გადამწყვეტ 26-ე ტურში 1:3 დამარცხდნენ „მუსიკოსებთან“. ვერდერი კარლ-ჰაინც რიდლესა და ფრანკ ნოიბართის თავდასხმის ტანდემის გარდა, დაცვითაც იწონებდა თავს: რეჰაგელის გუნდმა 34 ტურში 22 გოლი გაუშვა.


ბაიერნმა ბუნდესლიგის ვერცხლის სინი მომდევნო სეზონშივე დაიბრუნა, უფრო მეტიც - იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, ზედიზედ ორჯერ მოიგო ტიტული, 1989 და 1990 წლებში. 


1990 წლის ზაფხულში, ახალი სეზონის დაწყების წინ მიუნხენურ გრანდში იმედისმომცემი სახეები მოვიდნენ: დანიელი ბრაიან ლაუდრუპი, ქრისტიან ციგე და შტეფან ეფენბერგი. შემდგომშიც არაერთი ოდიოზურობით გამორჩეულმა ამ უკანასკნელმა კითხვაზე, თუ რატომ შეუერთდა იგი ბაიერნს, მოკლედ უპასუხა: „იმიტომ, რომ სხვა გუნდები ძალზე შტერები ჩანან ბუნდესლიგის მოსაგებად.“



ბუნდესლიგის ის სეზონი კაიზერსლაუტერნმა მოიგო, ბაიერნი კი მას 3 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. არადა ბავარიელებმა „ოლიმპიაშტადიონზე“ 4:0 გაანადგურეს კაიზერი, თუმცა მარტში გამართულ საპასუხო შეხვედრაში შტეფან კუნცის ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1:2 დამარცხდნენ ლაუტერნთან. ბაიერნმა მის მომდევნო ტურშიც წააგო, შინ - 0:1 დიუსელდორფის ფორტუნასთან, ჩემპიონატში ბოლო მარცხი კი უფრო ხმაურიანი გამოდგა: სტუმრად ანგარიშით 2:3 ბოხუმში, ადგილობრივ ვატენშაიდთან, რომელიც ნოემბერში, საკუთარ მოედანზე 7:0 ჰყავდათ გაცამტვერებული...


სხვათა შორის, 1990-91 წლების ჩემპიონატში ბომბარდირი 21 გოლით ბაიერნის ფორვარდი როლანდ ვოლფარტი გახდა, ეფენბერგისა და ლაუდრუპის ახალწვეულთა დუეტმა კი 9-9 ბურთის გატანა შეძლეს.


საინტერესოა ისიც, რომ ზედიზედ სამ სეზონში ჰაინკესის გუნდი ევროპულ ასპარეზზე ნახევარფინალებამდე მივიდა და სამივეჯერ ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან წააგო ორმატჩიანი დაპირისპირებები: 1989 წელს UEFA-ს თასის ფინალის გზა დიეგო მარადონას, კარეკას (ორ შეხვედრაში სამჯერ გაუტანა ბაიერნს), ალემაოს, ანდრეა კარნევალესა და ჩირო ფერარას ნაპოლიმ მოუჭრა, 1990 წელს პრესტიჟულ ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას ჰოლანდიური ტრიოთი ქებულ ლეგენდარულ მილანთან გამოეთიშა, 1991 წელს კი ისევ ჩემპიონთა თასზე ცრვენა ზვეზდას ბარიერი ვეღარ დაძლია.



1991-92 წლების სეზონის წინ ბაიერნმა კიდევ დაიმატა ახალი ფეხბურთელები: თომას ბერთოლდი, ოლივერ კროიცერი, ბრუნო ლაბადია, ჰოლანდიელი იან ვაუტერსი და ორი ბრაზილიელი - მაზინიო ოლივეირა და ბერნარდო. გუნდი კი ვეტერანმა კლაუს აუგენთალერმა დატოვა.


ეს სეზონი გერმანიის ბუნდესლიგაში პირველ რიგში იმით გამოირჩეოდა, რომ იგი გაერთიანებული გერმანიის პირველი ჩემპიონატი იყო. მასში 20 გუნდი მონაწილეობდა, რადგან მანამდე არსებულ 18 მონაწილეს წინა წელს გაუქმებულ აღმოსავლეთ გერმანიის ობერლიგიდან ორი საუკეთესო გუნდი დაამატეს: ჩემპიონი როსტოკის ჰანზა და მეორეადგილოსანი დრეზდენის დინამო.


ბუნდესლიგაში პირველი მარცხი მეორე ტურშივე ბავარიულ კლუბს სწორედ როსტოკელებმა აგემეს, რასაც ერთ კვირაში უფრო დიდი სენსაცია მოყვა: ბაიერნი გერმანიის თასის პირველივე მატჩში მოკრძალებულ კლუბთან, მეორე ბუნდესლიგის ბინადარ ჰომბურგთან დამატებით დროში 2:4 დამარცხდა და პოკალს ნაადრევად დაემშვიდობა.


მიუნხენში განგაშის ზარებმა მძლავრ ხმაზე რეკვა მაშინ იწყეს, როდესაც სექტემბერ-ოქტომბრის მონაკვეთში ბაიერნმა რვა მატჩიდან მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ოთხი კი წააგო, მათ შორის - სამი ზედიზედ: შინ კიკერსთან 1:4, შინ დორტმუნდთან 0:3 და სტუმრად შტუტგარტთან 2:3.


კიკერსთან მარცხი იუპ ჰაინკესისთვის უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა და იგი ახალგაზრდა და გამოუცდელმა სორენ ლერბიუმ შეცვალა, რომელიც ფეხბურთელობისას ბაიერნში 1983-86 წლებში თამაშობდა.



სეზონის ბოლომდე რომ ვერც ლერბიუ მიატანდა, დღესავით ნათელი იყო. მიუნხენელებმა ყაიმებსა და წაგებებს უმატეს და 7 მარტს, სტუმრად კაიზერსლაუტერნთან 0:4 განადგურების შემდეგ 34 წლის დანიელს ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითა.


ცნობისთვის, ლერბიუს არც მანამდე და აღარც მერე, არასოდეს უმუშავია მწვრთნელად. ბაიერნში გატარებული წარუმატებელი სამწვრთნელო თვეები წარმატებული დანიელი ფეხბურთელისთვის როგორც გაირკვა, საკმარისი აღმოჩნდა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის.



1992 წლის 12 მარტს მიუნხენურ კლუბს მთავარ მწვრთნელად ერიხ რიბეკი დაუნიშნეს, ვისი ხელმძღვანელობითაც ბაიერნმა ორიოდე დღეშივე მოიგო - საკუთარ კედლებში სახელოვან ჰამბურგთან, როლანდ ვოლფარტისა და ოლაფ თონის 88-ე და 90-ე წუთებზე გატანილი გვიანი გოლებით. 


საბოლოოდ, რიბეკმაც ვერაფერი მოუხერხა დემორალიზებულ გუნდს და მის ხელში ბაიერნი ხუთი გამარჯვების წილ ბუნდესლიგის დასრულებამდე კიდევ ხუთჯერ დამარცხდა.


Die Enttäuschung!...
Die Katastrophe!...

Die Schmach!...
Die Schande!...


ბუნდესლიგის იმ სეზონის გათამაშება რვაწლიანი პაუზის შემდეგ შტუტგარტმა მოიგო, ბომბარდირის წოდება კი მისივე ფეხბურთელს, გერმანელთა 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კაპიტნის ორმაგ სეხნიას, 22 გოლის ავტორ შტუტგარტელ ფრიც ვალტერს ერგო.


1991-92 წლების ბუნდესლიგაში ბაიერნმა მე-10 ადგილი დაიკავა, წააგო 15 მატჩი და გაუშვა 61 გოლი. მასზე მეტი მიღებული ბურთი კი მხოლოდ ორ გუნდს, იმ წელს გავარდნილებს, კიკერსსა (64) და ბოლოადგილოსან დიუსელდორფის ფორტუნას (69) ჰქონდათ. გუნდი გერმანიის თასს გამოეთიშა პირველივე შეხვედრაში, UEFA-ს თასს კი - მეორე წრეში დანიურ ბოლდკლუბენთან (2:6; 1:0).


მომდევნო სეზონში ერიხ რიბეკის გუნდმა 47 ქულით ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი 48 ქულით ბრემენის ვერდერი გახდა. მიუნხენში ვერცხლის სინი მომავალ წელს, შუა სეზონში მისულმა ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა დააბრუნა...




ეპილოგში კი ისევ კატასტროფულ სეზონთან დავბრუნდეთ. მიუნხენური გრანდის მე-10 პოზიცია და 61 გაშვებული გოლი დღემდე არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი საშინაო შედეგია. რთული გასახსენებელია, კიდევ რომელ სეზონში იმუშავა „რეკორდმაისტერთან“ სამმა სხვადასხვა მწვრთნელმა. ასეა თუ ისე, 1991-92 წლების ბუნდესლიგა მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში ის შავი ფურცელია, მოოქროვილ გიგანტურ ფოლიანტში უხეირო სანიშნესავით რომაა უადგილოდ ჩაჭედილი.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ბაიერნი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბაიერნი ლუის დიასის ტრანსფერზე გააქტიურდა - ფეხბურთელს ალიანც არენაზე სურს გადასვლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ლუის დიასის ტრანსფერზე გააქტიურდა - ფეხბურთელს ალიანც არენაზე სურს გადასვლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუსიალას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუსიალას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნის შეთავაზება ლუის დიასზე ლივერპულმა უარით გაისტუმრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნის შეთავაზება ლუის დიასზე ლივერპულმა უარით გაისტუმრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არავის დადანაშაულება არ არის საჭირო", - მუსიალას პირველი კომენტარი ოპერაციის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არავის დადანაშაულება არ არის საჭირო", - მუსიალას პირველი კომენტარი ოპერაციის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 ივლ, 2025

ბაიერნი ლუის დიასის ტრანსფერზე გააქტიურდა - ფეხბურთელს ალიანც არენაზე სურს გადასვლა

News image

07 ივლ, 2025

მუსიალას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

News image

16 სთ წინ

ბაიერნის შეთავაზება ლუის დიასზე ლივერპულმა უარით გაისტუმრა

News image

09 ივლ, 2025

"არავის დადანაშაულება არ არის საჭირო", - მუსიალას პირველი კომენტარი ოპერაციის შემდეგ