ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ხორვატი მრავალფეროვანი კარიერით
ფეხბურთიფეხბურთი

ხორვატი მრავალფეროვანი კარიერით

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

2002 წლის 2 თებერვალს, „ფრატონ პარკზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავის, რობერტ პროსინეჩკის ბრწყინვალე ჰეთ-თრიქი იხილეს. მასპინძელ „პორტსმუთს“ ერთი შეხედვით მარტივად მოპოვებული სამი ქულა მალევე გაუქარწყლდა, რადგან მეტოქე „ბარნსლიმ“ ორბურთიანი სხვაობა დაქაჩა და საბოლოო ანგარიში 4:4 დააფიქსირა. ჭორების თანახმად, ვეტერანმა ხორვატმა სტადიონი გაწბილებულმა დატოვა და „პომპეის“ გულშემატკივრებს გვერდი განაწყენებულმა აუარა, რითაც თავისი უშედეგო ჰეთ-თრიკი გამოიტირა.


ბევრი კუთხით, ის მატჩი პროსინეჩკის საფეხბურთო ცხოვრებაში არსებულ ყველაფერი კარგისა და არასწორის სიმბოლოდ იქცა. ქერა ხორვატის მრავალფეროვან კარიერაში ხომ მრავლად იყო დიდი აღმასვლებიც და მტკივნეული დაცემებიც. 


ხორვატიის ნაკრების ოქროს თაობის წევრი, რომელმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ერთ დროს ევროპის დიდ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა მან ეს წოდება ბოლომდე ვერ გაამართლა, მიუხედავად „რეალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშისა. უიღბლობის გამო რობერტ პროსინეჩკის ტრავმები და არასტაბილური ფორმა აწუხებდა, რამაც მისი კაშკაშა ვარსკვლავი მკრთალ შუქად აქცია.


1969 წელს დასავლეთ გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი რობერტ პროსინეჩკი მხოლოდ 1979 წელს გადავიდა მშობლების სამშობლოში, იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალ ხორვატიაში. სწორედ იქ ჩაირიცხა ზაგრების „დინამოს“ ახალგაზრდულ აკადემიაში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო გუნდი იყო, თანაც შესაძლებლობა მიეცა, ევარჯიშა „მწვრთნელების მწვრთნელად“ წოდებულ  მიროსლავ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით.


პროსინეჩკიმ, მეტსახელად „ჟუტიმ“ (ხორ. ყვითელი), მალევე დაიწყო პირველ გუნდში ადგილისთვის ბრძოლა, რაც მან 18 წლის ასაკში, 1986-87 წლების სეზონში მოახერხა. რობერტმა მხოლოდ ორიოდე უმნიშვნელო მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხორვატული კლუბი კი იმ სეზონში ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა.


როდესაც სეზონის ბოლოს პროსინეჩკის ახალი კონტრაქტის განხილვის დრო დადგა, კონფლიქტი წარმოიშვა. ფეხბურთელის მამა ჯურო პროსინეჩკი პროფესიონალურ, მომგებიან ხელშეკრულებას ითხოვდა შვილისთვის, რობერტიც თავის მხრივ გუნდიდან წასვლით იმუქრებოდა. მამა-შვილის ამბიციურ მოთხოვნას მიროსლავ ბლაჟევიჩი მტრულად შეხვდა და ღიად განაცხადა, რომ თუკი პროსინეჩკი ოდესმე დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, საკუთარ მწვრთნელის დიპლომს შეჭამდა. ამ ყველაფერმა კი რესპექტაბელურ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არსებული მრავალწლიანი, შემდგომში ნაკრებში გაგრძელებული კატა-თაგვობანას მსგავსი დამოკიდებულება წარმოშვა. 


გახმაურებული უთანხმოებით ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დირექტორმა, ლეგენდარულმა დრაგან ჯაიჩმა ისარგებლა და სწრაფ დროში შეძლო პროსინეჩკისა და მის ოჯახთან ყველაფრის დადებითად მოგვარება.


1987 წლის ზაფხულში რობერტ პროსინეჩკი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ჩილეში, 20-წლამდელთა მუნდიალზე გაემგზავრა, სადაც იუგოსლავიის ეროვნულმა გუნდმა ფურორი მოახდინა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე თავად პროსინეჩკი გახდა, მირკო იოზიჩის გუნდში კი ისეთი ტალანტები თამაშობდნენ, რომლებიც დიდ ასაკშიც გახდნენ ცნობილი ვარსკვლავები: დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, პრედრაგ მიატოვიჩი, რობერტ იარნი, იგორ შტიმაცი, ტომისლავ პიპლიცა და სხვები.



1987-88 წლების სეზონში „ცრვენა ზვეზდამ“ ჩემპიონობა თანაქალაქელ „პარტიზანს“ ჩამოართვა და ოთხი წლის შემდეგ დაიბრუნა იუგოსლავიის ჩემპიონის ტიტული. ვლადიმირ ვასოვიჩის გუნდის თავდასხმაში დრაგან სტოიკოვიჩისა და დრაგიშა ბინიჩის დუეტი ბრწყინავდა, ნახევარდაცვას კი რობერტ პროსინეჩკი, ჟარკო ჯუროვიჩი და გორან მილოიევიჩი ამაგრებდნენ.


1990 წლის მსოფლიოს პირველობა ბოლო დიდი ტურნირი იყო, სადაც საფეხბურთო საზოგადოებამ იუგოსლავიის ფედერაციის ნაკრები ბოლოჯერ იხილა. ივიცა ოსიმის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც პენალტების სერიაში არგენტინის სახელოვან ნაკრებთან დამარცხდა. პროსინეჩკიმ ხუთიდან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.



რობერტ პროსინეჩკიმ ბელგრადულ კლუბთან ერთად 1990 და 1991 წლებში კიდევ ორი შიდა ჩემპიონობა მიითვალა და რაც მთავარია, პრესტიჟული ჩემპიონთა თასის მფლობელიც გახდა, როდესაც „ცრვენა ზვეზდამ“ იტალიის ქალაქ ბარიში, პენალტების სერიაში დაამარცხა მარსელის „ოლიმპიკი“. „წითელ-თეთრების“ რიგებს კი ახალი ვარსკვლავური სახელები ამშვენებდა: მიოდრაგ ბელოდედიჩი, ვლადიმირ იუგოვიჩი, სინიშა მიხაილოვიჩი, დეიან სავიჩევიჩი და მთავარმეგოლე დარკო პანჩევი. 



12 გოლი ჩემპიონატში, 4 ჩემპიონთა თასზე, სულ კი 44 შეხვედრა და 18 გოლი - 1990-91 წლების სეზონი 22 წლის ხორვატი შუახაზელისთვის კიდევ უფრო უკეთესი მომავლის იმედი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც შემდგომმა წლებმა აჩვენა, ხსენებული სეზონი რობერტის კარიერაში საუკეთესო გამოდგა.


1991 წლის ზაფხულში ესპანურმა გიგანტმა „რეალმა“ პროსინეჩკი 2.5 მილიარდ პესეტის სანაცვლოდ გადაიბირა. ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით სერბი დამრიგებელი რადომირ ანტიჩი მადრიდული გრანდის ძველი დიდების დაბრუნების იმედად იყო, თუმცა მისი და პროსინეჩკის ოცნებები კოშმარად იქცა: პირველივე სეზონში უამრავი ტრავმის გამო ხორვატმა ვარსკვლავმა მხოლოდ 5 შეხვედრა და 2 გოლი მიიწერა აქტივში.


1991 წლის „ოქროს ბურთი“ მარსელელთა ფრანგ ფორვარდს, ჟან-პიერ პაპენს ერგო, უპრესტიჟულესი ჯილდოს სიის ხუთეულში კი „ცრვენა ზვეზდას“ ფეხბურთელებთან,  პანჩევთან და სავიჩევიჩთან ერთად პროსინეჩკიც იყო.


ვითარება მეორე მადრიდულ სეზონში გამოსწორდა. პროსინეჩკიმ ოცდაათზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ლა ლიგაში კი გოლი უპრინციპულეს მეტოქე „ბარსელონას“ გაუტანა. ანალოგიური შედეგი აჩვენა მესამე ესპანურ სეზონშიც, თუმცა ნათელი იყო, რომ ხორვატი ფეხბურთელი თავის ფასს ვერ ამართლებდა. 



1994 წლის დასაწყისში „რეალის“ პრეზიდენტმა რამონ მენდოსამ პროსინეჩკის ტრანსფერი საჯაროდ გააკრიტიკა და მას წარუმატებელი შენაძენი უწოდა, რამაც ფეხბურთელი აიძულა, სათამაშო ფორმის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და რეპუტაციის აღსადგენად „რეალ ოვიედოში“ იჯარით გადასვლაზე დათანხმებულიყო.



1994-95 წლების პრიმერაში ფეხბურთელს კვლავ რადომირ ანტიჩის ხელმძღვანელობით მოუწია თამაში. „ოვიედომ“ ცხრილში მე-9 პოზიცია დაიკავა, პროსინეჩკიმ კი 30 მატჩში 5 გოლი გაიტანა. დასამახსოვრებელი თამაში იყო „ესტადიო კარლოს ტარტიერეზე“, სადაც „ოვიედომ“ მადრიდის „რეალი“ 3:2 დაამარცხა, რაც ხორვატი ნახევარმცველისთვის ტკბილი შურისძიება იყო.


„ბლანკოსთან“ უკმაყოფილება ამით არ დასრულებულა. „ჟუტი“ მადრიდელთა მთავარ კონკურენტ გუნდში, იოჰან კრუიფის დამოძღვრილ კატალონიის „ბარსელონაში“ წავიდა.


კრუიფი იმედოვნებდა, რომ პროსინეჩკი „ბლაუგრანას“ საკვანძო მოთამაშე გახდებოდა. ჟოან გამპერის თასზე იმედისმომცემმა დებიუტმა კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, ქერათმიანი ნახევარმცველის შესაძლებლობები ტრავმებმა გაანიავა. თავად განსაჯეთ, ორ სეზონში პროსინეჩკიმ ოციოდე შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.



შემდეგი გაჩერება ესპანური „სევილია“ იყო (1996-97: 22 მატჩი, 4 გოლი), რასაც მშობლიურ ზაგრებში დაბრუნება მოყვა.


1998 წლის საფრანგეთის მუნდიალზე ხორვატი შუახაზელის რეპუტაცია აღდგა. პროსინეჩკიმ ტურნირის აღმოჩენად შერაცხულ ნაკრებში დავორ შუკერთან, ზვონიმირ ბობანთან, რობერტ იარნისთან, ალიოშა ასანოვიჩთან და გორან ვლაოვიჩთან ერთად გაიბრწყინა, თანაც კიდევ ერთხელ მოუწია მიროსლავ ბლაჟევიჩთან ერთად გუნდში ყოფნა. 


ჩემპიონატის პირველ ტურში დებიუტანტ იამაიკის ნაკრებთან გატანილი გოლი ტურნირის ტოპ-ათეულში მოხვდა. „ვატრენის“ საოცარი სვლა ნახევარფინალში მასპინძლებთან შეწყდა. ფრანგებთან შეხვედრაში პროსინეჩკის ნაადრევმა შეცვლამ ყველას ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის არსებული ძველი შუღლი გაახსენა, საბოლოოდ კი ამ პატარა ნაკრებისთვის ყველაფერი მაინც დადებითად დასრულდა - ხორვატებმა ბრინჯაოს ფინალში ჰოლანდიის საკმაოდ სიმპათიური გუნდი 3:1 დაამარცხეს, ერთი გოლი კი რობერტმა მიითვალა.



მუნდიალის შემდეგ „ჟუტიმ“ რამდენიმე წელი კვლავ სამშობლოში დაჰყო, შემდეგ კი ბელგიას მიაშურა და ერთი სეზონი ლიეჟის „სტანდარდში“ გაატარა, რასაც 2001 წელს ინგლისურ „პორტსმუთში“ გადაბარგება მოყვა.


ინგლისელ ქომაგებს ხორვატი ნახევარმცველი სანახაობრივ და მხიარულ თამაშს დაპირდა. რანგით მეორე დივიზიონში, კლუბის პირველ მატჩში „გრიმსბი ტაუნის“ წინააღმდეგ, პროსინეჩკისა და მოედანზე მის გარშემომყოფებს შორის კლასში არსებული სხვაობა აშკარა იყო და ეს ნახევარმცველმა კარგად გამოიყენა: ანგარიშით 4:2 გამარჯვებაში 32 წლის ფეხბურთელმა ყველა გოლში თავისი წვლილი შეიტანა.


შემდეგ იყო „კრისტალ პალასის“ კარში საჯარიმო დარტყმიდან გატანილი ეფექტური გოლი, „როტერჰემ იუნაიტედთან“ თავის გამოჩენა და ზემოთხსენებული ჰეთ-თრიქი აუტსაიდერ „ბარნსლისთან“, საბოლოოდ კი 24-გუნდიან ლიგაში დაკავებული მე-17 ადგილი.



მიუხედავად იმისა, რომ რობერტ პროსინეჩკიმ ზღვისპირა ქალაქის კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა, ის დღემდე ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად, ვისაც კი „პომპეის“ ლურჯი მაისური მოურგია.


პორტსმუთში გატარებული სეზონის წყალობით, გამოცდილი ნახევარმცველი კიდევ ერთხელ გაემგზავრა ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო პირველობაზე, თუმცა კორეასა და იაპონიაში ხორვატთა გამოსვლა საკმაოდ სუსტად შეფასდა. გუნდი ჯგუფში ჩარჩა, პროსინეჩკიმ კი სამ შეხვედრაში მხოლოდდამხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა მექსიკასთან პირველ ტურში.


ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ პროსინეჩკიმ კიდევ ორი წელი ითამაშა ფეხბურთი. მან ჯერ სლოვენიური „ოლიმპიას“ ღირსება დაიცვა ერთ სეზონში (2002-2003), კარიერა კი ხორვატულ მოკრძალებულ კლუბში, „სავსკი მაროფში“ 2005 წელს დაასრულა.


რობერტ პროსინეჩკის მოთამაშის კარიერა დიდი წინააღმდეგობებით იყო სავსე. მისი ჭაბუკობის წლები ევროპულ ფეხბურთს ბევრ რამეს პირდებოდა, მაგრამ მეტწილად უიღბლობის გამო, მან თავისი ნიჭის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა. 


ტრავმებისადმი მიდრეკილი შემტევი ნახევარცმველი კარიერის პირველ ნახევარში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო, რომელსაც 15 გუნდურ ჯილდოსთან ერთად ათზე მეტი პირადი აღიარება აქვს მოპოვებული. ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი კი, ვისაც მისი სანახაობრივი თამაში უნახავს, ყოველთვის ქარიზმატულ და გამორჩეულ მოთამაშედ გაიხსენებს, რომელსაც არასტაბილური კარიერის მიუხედავად, ქომაგებთან უამრავი დადებითი მოგონება აკავშირებს.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ხორვატია

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

დალიჩი: "მოდრიჩმა დაამტკიცა, რომ ასაკთან ერთად უკეთესი ხდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დალიჩი: "მოდრიჩმა დაამტკიცა, რომ ასაკთან ერთად უკეთესი ხდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხორვატიამ საფრანგეთს დამაჯერებლად მოუგო - დეშამის გუნდს შინ ქამბექი დასჭირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხორვატიამ საფრანგეთს დამაჯერებლად მოუგო - დეშამის გუნდს შინ ქამბექი დასჭირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სტად დე ფრანსზე პენალტების სერიაში საფრანგეთმა ხორვატია დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სტად დე ფრანსზე პენალტების სერიაში საფრანგეთმა ხორვატია დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხორვატიამ რონალდუს გარეშე მოთამაშე პორტუგალიასთან ქულა გადაარჩინა და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხორვატიამ რონალდუს გარეშე მოთამაშე პორტუგალიასთან ქულა გადაარჩინა და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 სექ, 2025

დალიჩი: "მოდრიჩმა დაამტკიცა, რომ ასაკთან ერთად უკეთესი ხდება"

News image

20 მარ, 2025

ხორვატიამ საფრანგეთს დამაჯერებლად მოუგო - დეშამის გუნდს შინ ქამბექი დასჭირდება

News image

23 მარ, 2025

სტად დე ფრანსზე პენალტების სერიაში საფრანგეთმა ხორვატია დაამარცხა

News image

18 ნოე, 2024

ხორვატიამ რონალდუს გარეშე მოთამაშე პორტუგალიასთან ქულა გადაარჩინა და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა