მილანის ვარსკვლავმა ლუკა მოდრიჩმა სახის ძვლის ოპერაცია გაიკეთა - ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს
მილანისა და ხორვატიის ნაკრების ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობის გამო სასწრაფო ოპერაცია ჩაიტარა. 40 წლის ნახევარმცველმა მძიმე დაზიანება იუვენტუსთან გამართულ სერია A-ს მატჩში მიიღო, რამაც მისი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ინციდენტი სან სიროზე, მანუელ ლოკატელისთან საჰაერო ორთაბრძოლისას მოხდა. მიუხედავად ტკივილისა, მოდრიჩი მინდორზე ბოლომდე დარჩა, თუმცა გამოკვლევამ მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა დაადასტურა.
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა:
ლუკას ვესაუბრე და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვე. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და გვჯერა, რომ როგორც კაპიტანი, ის ამ ზაფხულს კიდევ ერთ დიდ ტურნირზე გაგვიძღვება
იტალიური სეზონი მოდრიჩისთვის, სავარაუდოდ, დასრულებულია. მილანი ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და დარჩენილ ოთხ ტურში ვეტერანი ხორვატის დახმარების იმედი ნაკლებად აქვს. მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში 34-დან 32 მატჩი ძირითადში დაიწყო, რაც მისი ასაკისთვის საოცარი მაჩვენებელია.
ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატს 17 ივნისს, ინგლისთან მატჩით იწყებს. სავარაუდოა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მოდრიჩს სპეციალური დამცავი ნიღბით თამაში მოუწევს.