მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აჩქარებს - კლუბს სურს, შეთანხმება 11 ივნისამდე, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოფიციალურად დადასტურდეს.
Sky-ს ინფორმაციით, გერმანიის რეკორდმეისტერმა ფეხბურთელისა და მისი ოჯახისგან უკვე მიიღო პოზიტიური სიგნალები. კლუბის ხელმძღვანელობა კეინთან შეხვედრას სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს. მიუნხენში გადაბარგების შემდეგ ინგლისელმა 141 მატჩში 138 გოლი გაიტანა, თუმცა ვინსენტ კომპანის ხელში მისი როლი შეიცვალა და იგი უფრო მეტად შემოქმედებით ფორვარდად ჩამოყალიბდა.
კარლ-ჰაინც რუმენიგემ და მაქს ებერლმა დაადასტურეს, რომ კლუბის პოზიცია მყარია.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ მას ჰქონდა გამოსასყიდი პუნქტი. მან ის არ გამოიყენა, რითაც მიგვანიშნა, რომ ნამდვილად რჩება მიუნხენში. როგორც დაგეგმილია, კლუბის მენეჯერები სეზონის შემდეგ შეხვდებიან მას კონტრაქტის გახანგრძლივების მკაფიო მიზნით“ - განაცხადა რუმენიგემ.
„კალემ ეს უკვე თქვა და ეს კლუბის პოზიციაა. ჩვენ ეს ჰარისთან განვიხილეთ. მსოფლიო ჩემპიონატამდე დავსხდებით და შევეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ“ - აღნიშნა მაქს ებერლმა.
ალან შირერის რეკორდზე საუბრისას, თავად ლეგენდარულმა თავდამსხმელმაც გააკეთა კომენტარი:
ჰარის ვიცნობ და ვიცი, რომ ჩემი რეკორდის მოხსნა სურს. მაგრამ არ ვიცი, რა სიტუაცია აქვს მას ან დარჩება თუ არა გერმანიაში. დიახ, დაე დარჩეს იქ კიდევ ორი ან სამი წელი!
თავად კეინმა კი აღიარა, რომ მისი შეხედულებები ინგლისში დაბრუნებაზე შეიცვალა:
ბაიერნში გადმოსვლისას რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებოდი. ორი წლის შემდეგ ეს ცოტათი შეიცვალა. თუმცა, არ ვიტყოდი, რომ არასდროს დავბრუნდები. ამჟამად სრულად ბაიერნზე ვარ ფოკუსირებული
ჰარი კეინს მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მიუნხენელებს სურთ, პრემიერლიგაში დაბრუნების შესახებ ჭორებს წერტილი დროულად დაუსვან.