ლაციოსა და უდინეზეს ნამდვილი საფეხბურთო ომი 3:3 დასრულდა.
რომაული კლუბი სადღესასწაულო განწყობაზე იყო, რადგან იტალიის თასის ფინალში გავიდა, თუმცა გულშემატკივრები საშინაო მატჩების ბოიკოტს მაინც აგრძელებდნენ. ორივე გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა ტრავმების გამო, მაგრამ ლაციოს სკამზე ორი თვის შემდეგ ნიკოლო როველა დაბრუნდა.
მატჩი სტუმრების აქტიურობით დაიწყო. ედოარდო მოტამ თავიდან რთული ბურთი აიღო, თუმცა მალევე კინგსლი ეჰიზიბუემ მახვილი კუთხიდან ბრწყინვალე დარტყმით უდინეზე დააწინაურა. ლაციომ პრაქტიკულად პირველივე შანსით გაათანაბრა. ლუკა პელეგრინიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციათი ცხრიანში გაიტანა. პირველ ტაიმში გუნდებმა კიდევ რამდენიმე მომენტი გაცვალეს, ნოსლინმა და ისაკსენმა კი ბურთი ხარიხას მოარტყეს.
მეორე ტაიმში უდინეზეს ფეხბურთელებმა, ბუკსამ და ძანიოლომ, ხელსაყრელი მომენტები გაანიავეს, რისთვისაც პედრომ დასაჯა. ვეტერანმა შემტევმა საჯარიმოს ხაზიდან მარჯვენა ფეხით იდეალური დარტყმით ლაციო წინ გაიყვანა. უდინეზემ მალევე უპასუხა - ვაკუნ ბაიოს თავურის შემდეგ მეკარე მოტამ ბურთი არადამაჯერებლად მოიგერია და არტურ ატამ ანგარიში გაათანაბრა.
კომპენსირებულ დროში კუთხურის შემდეგ არტურ ატამ დუბლი გაიფორმა და უდინეზემ წინ გასვლა მოახერხა. ბოლო შეტევისას, პედროს ჩაწოდების შემდეგ, დანიელ მალდინიმ ახლო მანძილიდან გაიტანა, თამაშგარე ხაფანგი დატოვა და ლაციოს ქულა გადაურჩინა.