არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
... 1998-99 წლების სერია A-ში, 23 მაისი ბოლო სათამაშო დღე იყო, როდესაც რომის „ლაციომ“ შინ მარსელო სალასის დუბლით „პარმა“ 2:1 დაამარცხა, თუმცა გამარჯვების მიუხედავად, სვენ-იორან ერიკსონის გუნდს სკუდეტო ხელიდან გაუსხლტა, რადგან პარალელურად „მილანმა“ სტუმრად „პერუჯას“ იგივე ანგარიშით სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა, პირთამდე სავსე „სტადიო ოლიმპიკოს“ ტრიბუნები კი განაწყენებული აბობოქრდა...
ბევრის აზრით, აღნიშნულ სეზონში ჩემპიონობას „ბიანკოჩელესტე“ იმსახურებდა, თუმცა ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში ფრედ დასრულებულმა საკამათო მატჩმა ალბერტო ძაკერონის გაწვრთნილ „როსონერის“ გაქცევის საშუალება მისცა.
„პარმას“ თავკაც ალბერტო მალეზანის თქმით, მილანელთა ჩემპიონობა ყველასთვის მისაღები იყო, რადგან იმავე სეზონში „ლაციოს“ ევროპის თასების მფლობელთა უკანასკნელი თასი უკვე ჰქონდა მოპოვებული, „პარმას“ კი - იტალიის თასი და UEFA-ს თასი. გარდა ამისა, რომაელებმა ის სეზონი საშინაო ტიტულით დაიწყეს - იტალიის სუპერთასის მატჩში „იუვენტუსის“ ტურინში ძლევით (2:1).
ისიც სათქმელია, რომ სვენ-იორან ერიკსონმა ერთი იტალიური ტიტული სადებიუტო რომაულ სეზონშიც მოიგო, როდესაც 1997-98 წლების იტალიის თასის გათამაშების ორმატჩიან ფინალში მისმა გუნდმა „მილანი“ დაჩაგრა (0:1, 3:1).
მაგრამ გონიერ შვედ სპეციალისტს რაღათქმაუნდა, იტალიის ჩემპიონობა სურდა, რომლის გემოც რომის ცისფერ ნაწილს 1974 წლის შემდეგ არ ეგემა. სკუდეტოს მოსაგებად იყო შემართული „ლაციოს“ მფლობელიც, საკვები პროდუქტების კომპანია Cirio-ს ხელმძღვანელი სერჯო კრანიოტი, რომელმაც გუნდის გასაძლიერებლად დიდი თანხები გაიღო.
ახალი სეზონის დაწყების წინ რომაული კლუბის შეფმა კრისტიან ვიერი 50 მილიონ დოლარად გაყიდა - იტალიელი ცენტრფორვარდი პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსით მილანის „ინტერს“ შეუერთდა, რამაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია: „ლაციოს“ 25 წლის ქომაგმა ელიო დი კრისტოფალომ თავი მოიკლა, გამოსამშვიდობებელ წერილში კი დაწერა, რომ ვიერის გაყიდვის გამო სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა და ფული ცხოვრებაში მთავარი არ იყო... ხოლო ვატიკანურმა გაზეთმა L'Osservatore Romano-მ ტრანსფერს „ღარიბთა მიმართ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა.
არადა „ბიანკოჩელესტეში“ შევსებაც სოლიდური მოვიდა: „პარმადან“ - ხუან სებასტიან ვერონისა და რობერტო ნესტორ სენსინის არგენტინული დუეტი, „ინტერიდან“ - მათი თანამემამულე დიეგო სიმეონე, ხოლო „პიაჩენცადან“ - სიმონე ინძაგი.
1999-2000 წლების სეზონი ახალფორმირებული შემადგენლობის მქონე „ლაციომ“ ტიტულით დაიწყო: 29 აგვისტოს, მონაკოს „სტად ლუი II“-ზე ერიკსონის გუნდმა UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მარსელო სალასის გოლით 1:0 დაამარცხა და კიდევ ერთი ევროთასი აღმართა. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგუსონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სერია A-ს სწორედ „ბიანკოჩელესტე“ მოიგებდა.
1999 წლის 3 ოქტომბერს, იტალიის პირველობის მე-5 ტურში „ლაციომ“ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ უმასპინძლა. უაღრესად დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი დაპირისპირება ფრედ 4:4 დასრულდა. სტუმართა რიგებიდან ჰეთ-თრიქით გამოირჩა ანდრეი შევჩენკო, აქეთ-იქით ავტოგოლები მიითვალეს სინიშა მიხაილოვიჩმა და კრისტიან აბიატიმ, მასპინძელთა გატანილი სამი გოლი კი სალასისა (დუბლი) და ვერონის ანგარიშზე იყო.
იმავე თვის ბოლოს რომაელმა „არწივებმა“ მეორე მილანურ გრანდთანაც ფრე ითამაშეს, სტუმრად 1:1, პირველი მარცხი კი მე-10 ტურში თანაქალაქელ „რომასთან“ იწვნიეს (1:4).
„ლაციოს“ სამ ფრონტზე წარმატებულ მსვლელობას (ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა) თან ახლდა თავის უკიდურესად მემარჯვენე იმიჯის მქონე ტიფოზთა გამოხტომები. მაგალითად, ტრიბუნებზე გამოფენილი ბანერი წარწერით: „პატივისცემა ვეფხვ არკანს“, რომელიც იმხანად მოკლულ სერბ სამხედრო დამნაშავეს, ჟელკო „არკან“ რაჟნატოვიჩს ეხებოდა და „პარმასთან“ შეხვედრაში ლილიან ტურამის, უსმან დაბოსა და სალიუ ლასისის მიმართ არსებული დამცინავი რასისტული შეძახილები.
2000 წლის 19 მარტს „ლაციომ“ სტუმრად „ვერონასთან“ დაუგეგმავი მარცხი (0:1) იწვნია და „იუვენტუსს“ ცხრა ქულით ჩამორჩა. სერია A-ს დასრულებამდე რვა ტურიღა იყო დარჩენილი და ძნელი წარმოსადგენი გახდა, თუ როგორ შეძლებდნენ ერიკსონის შეგირდები ასეთი დიდი სხვაობის შემცირებას, თუმცა ყველაფერი უმალ შეიცვალა: მომდევნო ტურში ტურინელები სტუმრად „მილანთან“ დამარცხდნენ, „არწივებმა“ კი „დერბი დელა კაპიტალეში“ პაველ ნედვედისა და ხუან ვერონის გოლებით პრინციპულ მეტოქეს რევანში აუღეს. კიდევ ერთი კვირის თავზე, „სტადიო დელე ალპიზე“ გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც გამარჯვება სტუმარ „ბიანკოჩელესტეს დარჩა - დიეგო სიმეონემ პრაქტიკულად საჩემპიონო ტურინული დაპირისპირების ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე თავით გაიტანა, გუნდებს შორის სხვაობა კი სამ ქულამდე დავიდა.
შემდეგმა ტურმა არაფერი შეცვალა, „იუვემაც“ მოიგო (სტუმრად ბოლონიაში 2:0) და „ლაციომაც“ (ატილიო ლომბარდოს გოლით შინ „პერუჯასთან“ 1:0).
15 აპრილს სვენ-იორან ერიკსონის კრებული ფლორენციას ეწვია, სადაც უხვგოლიან ყაიმში ქულები დაკარგა. ანგარიში 2:2 იყო, როდესაც სინიშა მიხაილოვიჩს თამაშის მიწურულს თერთმეტმეტრიანი ფრანჩესკო ტოლდომ აუღო, რამდენიმე წუთში კი კიდევ ერთხელ დანიშნული სხვა პენალტით ქარიზმატულმა სერბმა წინ მაინც გაიყვანა „ლაციო“, თუმცა „იებმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გაბრიელ ომარ ბატისტუტას საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.
მეორე დღეს კარლო ანჩელოტის „იუვენტუსმა“ მილანში „ინტერი“ 2:1 დაამარცხა და სერია A-ს ცხრილში ხუთი ქულით გაიჭრა წინ.
ფლორენციაში გადატანილი დრამატული თამაშიდან ორ დღეში „ლაციო“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში დაემშვიდობა. ორივე ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ „არწივები“ ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილ „ვალენსიასთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდნენ (2:5, 1:0).
ევროტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ ერიკსონის გუნდს ისღა დარჩენოდა, მთელი ძალები შიდა ასპარეზობაზე მოემართა, მაგრამ ამოცანა საკმაოდ რთული იყო: სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურიღა იყო დარჩენილი, ტურინელებთან სხვაობა კი - საკმაოდ დიდი.
22 აპრილი:
პიაჩენცა - ლაციო 0:2 (სიმეონე 60, ნედვედი 68)
იუვენტუსი - ფიორენტინა 1:0 (დელ პიერო 45+2 პ.)
30 აპრილი:
ლაციო - ვენეცია 3:2 (სიმეონე 39, ს. ინძაგი 45+2, ავტოგოლი)
ჰელას ვერონა - იუვენტუსი 2:0
ჰოი საოცრებავ! ტურინული გრანდი რომეო და ჯულიეტას ქალაქში შერცხვა ვიღაც ფაბრიციო კამარატას დუბლის გამო, რომელსაც ნუ იტყვით, კარიერა სწორედ „იუვენტუსში“ ჰქონდა დაწყებული...
7 მაისს გამართულ ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში რომაელებმა ბოლონიაში 3:2 იმარჯვეს. სერჟიო კონსეისაოს, სიმონე ინძაგისა და მარსელო სალასის გოლებს მასპინძელთაგან დუბლით უპასუხა ახლო წარსულში სწორედ „ლაციოში“ სახელგანთქმულმა ჯუზეპე სინიორიმ.
მოიგო ანჩელოტის გუნდმაც, შინ დელ პიეროს გოლით „პარმასთან“ 1:0, თუმცა პინტურიკიოს გოლამდე შეხვედრის არბიტრმა მასიმო დე სანტისმა ფაბიო კანავაროს თავური გოლი სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო არ ჩათვალა, რაც „იუვენტუსის“ სასარგებლოდ მიღებული არც პირველი და არც უკანასკნელი საკამათო გადაწყვეტილება არ ყოფილა...
მაშ ასე, 14 მაისი, 1999-2000 წლების იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტური. „ბიანკონერი“ გათამაშების ცხრილს სათავეში უდგას, „ლაციო“ კი მას ორი ქულით ჩამორჩება.
რომაელებმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „რეჯინას“ იოლად გამოუყვანეს წირვა და სამი უპასუხო გოლით დასაჯეს სტუმრები. მთავარი ამბები კი პერუჯაში „სტადიო რენატო კურიზე“ დატრიალდა, სადაც ტურინელები უმოტივაციო მასპინძლებთან მართავდნენ შეხვედრას.
ძლიერი წვიმის გამო მატჩი ლეგენდარულმა პიერლუიჯი კოლინამ თითქმის საათნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო. „ზებრებს“ აშკარად ეტყობოდათ ნერვიულობა და ეს აშკარად გამოიხატა მეორე ტაიმის სტარტზე მიღებულ გოლში: კიდევ ერთმა არაფრით გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო კალორიმ „იუვენტუსის“ საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო, ჩამოიღო და არც თუ ისე ძლიერი დარტყმით გაიტანა, ედვინ ვან დერ სარმა კი რეაქციაც ვერ მოასწრო.
ტურინელები აღელდნენ და „გრიფონებს“ ქაოტურად შეუტიეს, თუმცა ნაწვიმ მოედანზე გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. კოლინამ საფინალო ჩასტვინა, მოედნის კიდეს გულშემატკივრები ღრიალით მიაწყდნენ, კუთხურის ალამთან მყოფმა მარკო მატერაციმ კი ბურთს ხელი დასტაცა და გასახდელში გაუჩინარდა...
სერჯო კრანიოტის, სვენ-იორან ერიკსონისა და იტალიის დედაქალაქის ცისფერი ნაწილის ოცნება ახდა. „ლაციომ“ ნანატრი სკუდეტოს მოპოვება ერთქულიანი სხვაობით, ამ ქვეყნისა და მისი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის დამახასიათებელ დრამატულ ბრძოლაში შეძლო და საკუთარ ლოგოზე გამოსახული რომაული არწივის მსგავსად ამაყად გაშალა ფრთები...
„ბიანკოჩელესტეს“ ისტორიულ ჩემპიონობაზე მომავალშიც კიდევ ბევრს ისაუბრებენ. ამ საოცრად შეკრულ, დაბალანსებულ, მრავალფეროვან, თავზეხელაღებულ და ამავდროულად ლამაზ გუნდზე, რომელშიც სამხრეთული სილაღე და ჩრდილო ევროპული დისციპლინა ერთად იყო წარმოდგენილი.
P.S. ჩემპიონობიდან ოთხ დღეში ერიკსონის გუნდმა საშინაო დუბლი დადო, როდესაც მილანში „ინტერთან“ უგოლო ყაიმით იტალიის თასის მფლობელიც გახდა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები