ლონდონის სტადიონი „სტემფორდ ბრიჯი“ ის სარბიელია, სადაც დედაქალაქურ ჩელსის თავისი ისტორიის განმავლობაში უთვალავი გამარჯვება და წარმატება უზეიმია, თუმცა არსებობს ერთი დეტალი, რომელიც ვესტ ენდში მდებარე „არისტოკრატების“ საშინაო არენის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.
სტადიონის სამხრეთ ტრიბუნის (The Shed End) კართან არსებული საპენალტე ნიშნული ჩელსის ქომაგების დიდ ემოციებს ინახავს. რატომ? სწორედ თერთმეტმეტრიანის ნიშნულის ქვეშაა დამარხული „ლურჯების“ ლეგენდის, პიტერ ოზგუდის (1947 – 2006) ფერფლი.

პიტერ „ოზი“ ოზგუდმა ჩელსის მაისურით, ინგლისის ჩემპიონატში, 1964-1974 და 1978-79 წლებში ჩატარებულ სამასამდე შეხვედრაში 105 გოლის გატანა შეძლო. 1970 წელს ასოციაციის თასი მოიგო, რომლის ფინალშიც თავი გოლით გამოიჩინა, ერთი წლის შემდეგ კი პრესტიჟული ევროპის თასების მფლობელთა თასი შემართა, რომლის ორმატჩიან ფინალურ დაპირისპირებაშიც ლეგენდარულ მიგელ მუნიოსის დამოძღვრილ მადრიდის რეალს ორივე მატჩში გაუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ოზგუდმა ლონდონური კლუბი მენეჯერ დეივ სექსტონთან უთანხმოების გამო დატოვა, გულშემატკივრებში მისდამი სიყვარული არასდროს გამქრალა. „ოზი“ 1974-1976 წლებში საუთჰემპტონში გამოდიოდა, შემდეგ ნორვიჩსა და ამერიკულ ფილადელფიაში მოსინჯა ძალები, საბოლოოდ კი კარიერა 1979 წელს მშობლიურ ჩელსიში დაასრულა.

ლონდონელმა ქომაგებმა ის კლუბის ლეგენდად აღიარეს და გლოვობდნენ მის გულის შეტევის შედეგად ნაადრევ გარდაცვალებას 2006 წელს, 59 წლის ასაკში.
პიტერ ოზგუდის კავშირი ლონდონურ კლუბთან იმდენად მჭიდრო იყო, რომ გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ მისი ფერფლი „სტემფორდ ბრიჯის“ მოედანზე დამარხეს. მისადმი პატივისცემა ამით არ დასრულებულა: 2010 წელს ჩელსიმ მე-20 საუკუნის ლეგენდის მემკვიდრეობის აღსანიშნავად „სტემფორდ ბრიჯის მეფედ“ წოდებულ პიტერ ოზგუდს ძეგლი დაუდგა.

2016 წელს დაარსდა პიტერ ოზგუდის სახელობის ჯილდო, რომელიც ჩელსის ფონდის სოციალური ინკლუზიის პროგრამების მწვრთნელს, მონაწილეს, სტაფის წევრს ან მოხალისეს გადაეცემა იმ ერთგულების, თავდადებისა და სულისკვეთებისთვის, რითიც „ლურჯების“ ლეგენდარული თავდამსხმელი იყო ცნობილი.

მრავალი დეკადის შემდეგ ჩელსის გულშემატკივარებში პიტერ ოზგუდის სახელი კვლავაც პატივსაცემია. ბევრ ქომაგს იგი არამარტო მეტოქის საჯარიმოში მომაკვდინებელ თავდამსხმელად ახსოვს, არამედ სასიამოვნო ქარიზმის მქონედ, რომელიც ლონდონელ მაყურებელთა გულებს იოლად იგებდა.