აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ნაკრების მონაწილეობა ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე „მართებული არ იქნება“. მანამდე ირანის სპორტის მინისტრმა, აჰმად დონიამალიმ მიანიშნა, რომ არსებული პირობების გამო, ტურნირში მონაწილეობა ფაქტობრივად გამორიცხულია.
ტრამპი: „მიმაჩნია, რომ მუნდიალზე ირანის ყოფნა მართებული არ იქნება"
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ნაკრებს მიესალმებიან, თუმცა მათივე უსაფრთხოების გამო, ჩემპიონატზე ჩასვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მანამდე პრეზიდენტისგან გარანტიებს იღებდა, ახლა ორგანიზაცია ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს.
ირანის ნაკრებმა მუნდიალის საგზური პირდაპირი წესით მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის მატჩები მათ ლოს-ანჯელესსა და სიეტლში, ახალი ზელანდიის, ბელგიისა და ეგვიპტის წინააღმდეგ უნდა ჩაატარონ. თუმცა, ირანი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ატლანტაში გამართულ მოსამზადებელ ღონისძიებას არ დაესწრო.
ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი?
ფიფას რეგულაციებით, თუ რომელიმე ქვეყანა ტურნირს ეთიშება, ჩანაცვლების საკითხს თავად ორგანიზაცია წყვეტს. სპორტული პრინციპით, პირველი კანდიდატი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ავტომატური საგზური ვერ მოიპოვა. კიდევ ერთ ვარიანტად ერაყი განიხილება, თუ ისინი ფლეი-ოფში ბოლივიას ან სურინამს დაამარცხებენ.
თუმცა, რეგიონში არსებული ქაოსის გამო, ჩანაცვლება არც ისე მარტივია. ფიფას აქვს უფლება, მატჩები გადაიტანოს, გააუქმოს ან ლოკაცია შეცვალოს უსაფრთხოების მიზეზით. თეორიულად არსებობს იმის შანსიც, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდნენ, რამაც შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს.
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პოლიტიკური ბოიკოტი აქამდე არასდროს მომხდარა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე 4 თვით ადრე, სპორტული სამყარო უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინშია.